მინსკში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბელარუსის მთლიან შიდა პროდუქტში საინფორმაციო ტექნოლოგიებიდან მიღებულ დოვლათს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს, რაც სწორად განხორციელებული რეფორმებისა თუ საგანმანათლებლო სისტემის შედეგია. ყოველწლიური შენატანი ეკონომიკაში 2 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

სწორედ ამ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა, რაც მოიცავს საკანონმდებლო და საგადასახადო შეღავათების ფორმირებას საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიისთვის, ამასთან, ბელარუსის მხარის მიერ მაღალკვალიფიციური და მაღალშემოსავლიანი კადრების ფორმირებას მათი სამომავლო დისტანციური დასაქმების მიზნით.

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბელარუსის მაღალტექნოლოგიური პარკის, IBA ჯგუფს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც მოიცავს როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით კადრების გადამზადებას, ქართული კერძო სექტორის მხრიდან იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე ტექნოლოგიურ გადაწყვეტების ფორმირებას ქართულ ინტელექტუალურ რესურსთან ერთად, ასევე შიდა კორპორატიული აქსელერაციისა და სხვა მიმართულებით ცოდნის გაზიარებას.

საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა, ხოლო ბელარუსის მხრიდან – IBA ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერგეი აკულიჩმა.

IBA ჯგუფი ბელარუსის მაღალტექნოლოგიურ პარკის ერთ-ერთი წარმატებული რეზიდენტია, რომელიც ბიზნესპროცესების ავტომიზაციისა და ტექნიკურ-ტექნოლოგიური გადაწყვეტების მიმართულებით მსოფლიო ბაზარს ემსახურება. იგი პარტნიორობს მსოფლიო ისეთ წამყვან კორპორაციებთან, როგორიცაა IBM, Oracle, SAP, Red Hat და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები