აკაკი საღირაშვილი გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ მინისტერიალში მონაწილეობს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ორგანიზებით იმართება.

მაღალი დონის კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიდგომების განსაზღვრას 2020-2030 წლებისთვის, რაც დაეხმარება ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული მძიმე შედეგების რაოდენობა. მინისტერიალში 140 ქვეყნის დელეგაცია და 1700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ერთ-ერთ სესიაში, რომელიც მიეძღვნა ახალი ტექნოლოგიების განვითარებას საგზაო უსაფრთხოებისთვის. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე როგორც აღსრულების მიმართულებით, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მდგრადი სატრანსპორტო სისტემების უზრუნველყოფის კუთხით. მინისტრის მოადგილემ ასევე გამოკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს საქარველოში საგაზაო უსაფრთხოების მიმართულებით და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრა.

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის კომისიის, მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნების სატრანსპორტო უწყებათა ხელმძღვანელ პირებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები