დიმიტრი მედოევი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იმ ბავშვებს მიხედოს, რომლებიც საქართველოში შიმშილობენ
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი, სალომე ზურაბიშვილს ურჩევს საერთაშორისო ინსტანციებს საკუთარი „ქვეყნის პრობლემების“ შესახებ მიმართოს.
ამის შესახებ მედოევმა, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების პასუხად განაცხადა, რომლითაც პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მიმართა და ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვისა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა.
მედოევის თქმით, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმ ბავშვებს მიხედონ, რომლებიც საქართველოში შიმშილობენ და რომელთა რაოდენობა ზღვარს გადასცდა“.
რაც შეეხება „ქართულ მედიკამენტებს“, მედოევის თქმით, „ეს ნონსენსია – ისინი საქართველოში არ იწარმოება და მათი წარმომავლობა გაუგებარია“.
„ამიტომ, სამხრეთ ოსეთში მათი მიწოდება, და არც სერტიფიცირება არასდროს მომხდარა, ამიტომ, ისინი სამხრეთ ოსეთის აფთიაქებში გასაყიდად არასდროს დაიშვება“, – თქვა მედოევმა.
საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ წერილში, ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვითა და მედიკამენტების მოხმარების აკრძალვით იზღუდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც ჯანმრთელობის უფლებას, სიცოცხლის უფლებასა და გადაადგილების თავისუფლება ეხება“.