ზაზა გაბუნია: ხელისუფლება მზად არის კომპრომისული იყოს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ გაბუტვას, უპასუხისმგებლობას, უხერხემლობას და ზურგის შექცევას
ხელისუფლება მზად არის კომპრომისული იყოს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ გაბუტვას, უპასუხისმგებლობას, უხერხემლობას და ზურგის შექცევას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შედეგები არ მიიღწევა მაშინ, როდესაც ერთი მხარე თანახმაა კომპრომისზე, ხოლო მეორე მხარე, ამ შემთხვევაში ოპოზიცია, გაჯიუტებულია და არ ცნობს არავითარ დათმობას.
„არამარტო ჩვენი, საერთაშორისო საზოგადოებაც აკვირდება ამ პროცესს. შეთანხმება უნდა იყოს და ეს იდეაფიქსი არის ხელისუფლებისთვის. ამაზე მეტყველებს შეთავაზებები. ის კონფიგურაცია, რომელიც ოპოზიციას შევთავაზეთ, მეტყველებს, რომ ხელისუფლებისთვის ღირებულებაა კონსენსუსი და ამისთვის მზად არის კომპრომისული იყოს. მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ გაბუტვას, უპასუხისმგებლობას, უხერხემლობას და ზურგის შექცევას. ჩვენი ამოცანა არ არის ვიკეკლუცოთ ვინმეს წინაშე. ჩვენი ამოცანაა ქართული დემოკრატიის სახელით, ჩვენი საზოგადოების სახელით, პოლიტიკურ აქტორებს შორის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაიმართოს სრულფასოვანი დიალოგი და მივაღწიოთ შედეგს. მაგრამ შედეგები არ მიიღწევა მაშინ, როდესაც ერთი მხარე თანახმაა კომპრომისზე, ხოლო მეორე მხარე, ამ შემთხვევაში ოპოზიცია, გაჯიუტებულია და არ ცნობს არავითარ დათმობას“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიას თქმით, ოპოზიციამ ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის დაცვა, ალტერნატივის შეთავაზება და ახლა ისინი საკუთარ სისუსტეს და უსუსურობას უგულავას საქმეს აბრალებენ.
„მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციამ ვერ შეძლო ვერც საკუთარი პოზიციის დაცვა, ვერც ალტერნატივის შემოთავაზება, იმგვარი ალტერნატივის, რომელიც სასაუბროდ და მსჯელობის საგანი გამხდარიყო ორმხრივად, მაგიდის ორივე მხარეს მსხდომ სუბიექტებს შორის. ახლა ისინი საკუთარ სისუსტეს და უსუსურობას აბრალებენ უგულავას საქმეს, რაც ძალიან უხერხემლო მცდელობაა გაექცნენ საკუთარ პასუხისმგებლობას, რომელიც სხვათა შორის, მათ საკუთარი ამომრჩევლის მიმართ აქვთ. ეს ამომრჩეველი მათ ავალებს იყვნენ პასუხისმგებლიანები. ისინი შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესში, არა მარტო საარჩევნო თვალსაზრისით, არამედ მოლაპარაკების ნაწილში, სადაც ისინი დამარცხდნენ“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესის შეფერხება, როდესაც საქმე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეხება, ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.
„ის, რომ ოპოზიცია უგულავას დაჭერას აბრალებს საკუთარ პასიურობას, ეს მე მიმაჩნია უხერხემლობად და დაე ამაზე პოლიტიკურმა ოპოზიციამ აიღოს პასუხისმგებლობა. ნებისმიერ ვითარებაში, როდესაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეხება საკითხი, ამაზე გადაბრალება პოლიტიკური პროცესისა, სადაც იყო დისკუსია, იყვნენ მედიატორები, ძალიან სერიოზული მონაწილეები ამ პროცესის, ადგე მაგიდიდან, მე მიმაჩნია, ეს არის შეურაცხყოფა მათ ამომრჩევლის, მაგრამ ეს მათი საქმეა“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.