ლევან დავითაშვილი: “რუსთავის აზოტში“ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას 4 მილიონი ევრო მოხმარდება

საქართველო, გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალურ სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეუერთდა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ამ ინიციატივის წევრ ქვეყნებში აზოტმჟავას მწარმოებელი კომპანიები, კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ოქსიდის მშთანთქავი ტექნოლოგიით აღჭურვოს.

“აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ მოცემულობაში, როცა ჩვენ რუსთავის ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ასევე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი იმისათვის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. საკითხი რთულია და მის მოგვარებას რამდენიმე წელი დასჭირდება. კონკრეტული შეთანხმებით, რომელიც დღეს მთავრობამ მოიწონა, მივიღებთ 2 მილიონი ევროს დაფინანსებას გერმანიის მთავრობიდან. სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ დამატებით დააფინანსებს მეორე 50 %-ს, საბოლოოდ, საწარმოში 4 მილიონი ევრო მოხმარდება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. „რუსთავის აზოტის“ მიერ აზოტმჟავას წარმოების პროცესის დროს წარმოქმნილი სათბურის ეფექტის მქონე ემისიები ქვეყნის მთლიანი სათბურის ეფექტის მქონე გაზების ემისიების დაახლოებით 4-5 %-ს შეადგენს. ქალაქ რუსთავისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა. რუსთავის ჰაერთან მიმართებაში გვექნება კომპლექსური მიდგომა, ისევე, როგორიც ჩვენ გვაქვს თბილისის ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. შედეგად, ეტაპობრივად, მოგვარდება არსებული პრობლემები“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღის წესრიგის პრიორიტეტია.

ინიციატივა, რომელსაც საქართველო შეუერთდა, ხელს შეუწყობს ქვეყანას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. 2015 წლიდან საქართველო პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყანაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები