ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
“მიუხედავად იმისა, რომ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს ყველა პირობა ჰქონდა პროექტის გასახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
ამ ეტაპზე, გამოთხოვილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. რაც შეეხება ხულო-ზარზმის პროექტის განვითარებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმება მიღწეულია და ახალი ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის მარტის თვეშია დაგეგმილი.
ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის ყველაზე მჭიდრიოდ დასახლებული 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდ დააფინანსდება. ხოლო 2 ლოტად გაყოფილი 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, ისევ ქუვეითის ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება,”- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს შორის ხელშეკრულებები ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 2 მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა. 110,2 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდებოდა, მშენებელ კომპანიას 2020 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა.