ლუიზა ვინტონი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე წვდომა უნდა ჰქონდეთ
საქართველოში “გაეროს განვითარების პროგრამის” (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტების დეფიციტსა და იქ არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე წვდომა უნდა ჰქონდეს.
“ძალიან შემაწუხებელი სიტუაციაა. ამ საკითხის განხილვა საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში უნდა მოხდეს. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს ჯანდაცვის მიმართულებით. ხალხს უნდა ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ეს ბარიერები აღარ იარსებებს. ჩვენი ფუნდამენტური პოზიციაა, რომ მოსახლეობამ უნდა მიიღოს ექიმების ადეკვატური და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და მედიკამენტები. ახლა ოკუპირებულ ზონაში ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია, მაგრამ მათთვის ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს,” – განაცხადა ლუიზა ვინტონიმ.
ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სააგენტო “რესის” ინფორმაციით, ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები დაცლილია.