ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმს ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალში ჰუმანიტარული კრიზისი დღითიდღე მძიმდება.
მინისტრი საოკუპაციო რეჟიმს ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტის გახსნის აუცილებლობისკენ მოუწოდებს.
“დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში რეალური ჰუმანიტარული კრიზისია შექმნილი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება. მე არაერთხელ მითქვამს და დღესაც ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ ზომების ერთობლიობა, რომელსაც მიმართავს საოკუპაციო რეჟიმი, პრობლემებს უქმნის არამხოლოდ ახალგორის ქართულ მოსახლეობას, არამედ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს, რაც პირდაპირ აისახება მათ ჯანმრთელობაზე, მდგომარეობაზე და საჭიროებებზე: ის, რომ პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტია, დეფიციტის გარდა მედიკამენტების ამოღება მიმდინარეობს იმ ნიშნით, რომ მასზე ქართული წარწერებია. თანდათან იმის ნაცვლად, რომ გადაიდგას ნაბიჯები მდგომარეობის შემსუბუქებისკენ და ამისთვის არსებობს ყველა ფორმატი, მოლაპარაკება, თანათავმჯდომარეების ვიზიტი ახლახან, ვხედავთ, რომ სიტუაცია მაინც უარესდება. ამაზე დიდი მანიფესტი იმისა, რომ რეჟიმი ადამიანები წინააღმდეგ მოქმედებს, ქართველების და ოსების. ამ ვითარებაში განსაკუთრებით იკვეთება ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტის გახსნის აუცილებლობა. ეს არის ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის აუცილებელი ნაბიჯი. მოვუწოდებ საოკუპაციო რეჟიმს და დეფაქტო ხელისუფლებას ეს ნაბიჯი იქნას გადადგმული ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ახალგორის ისე ცხინვალის მოსახლეობის,”- აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.