გივი მიქანაძე: ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში – წიგნების კონცეფცია სრულად იცვლება, ყდებზე იქნება დატანილი ეროვნული ღირებულებების მატარებელი სიმბოლოები
ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წიგნების კონცეფცია სრულად იცვლება, ყდებზე იქნება დატანილი ეროვნული ღირებულებების მატარებელი სიმბოლოები
„ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ეს კარგად ჩანს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ დოკუმენტში.
სახელმძღვანელოების რეფორმა ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია – 2028 წლის 15 სექტემბრამდე ჩვენ ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM მიმართულების საგნებში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები გვექნება.
ჩვენი გადაწყვეტილებით, ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება ერთსა და იმავე საფეხურსა და საგანში, როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებში.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროცესში არიან ჩართულნი მართლაც წამყვანი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი დარგების მიხედვით. შედეგად, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველკლასელებს, მე-7 კლასელებსა და მე-10 კლასელებს ექნებათ უკვე ახალი სახელმძღვანელოები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია სრულად იცვლება. წიგნების ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზე კი ამ პროცესის აღწერა იქნება განთავსებული.
ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება – კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებზე.
სახელმძღვანელოებში შევიტანეთ 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია, რომელიც არასოდეს ყოფილა წიგნებში და რომელიც შეეხება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ რა საგანძური აქვს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, სახელმძღვანელოების საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა, სწორედ ამის შესაბამისად, სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები.
„მშობლებთან შეხვედრებზე საუბრისას ყველა ამბობდა, რომ უკმაყოფილოა სახელმძღვანელოებით, რადგან ხედავს – ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში, იგივე საგანში, იგივე საფეხურზე, მოსწავლეს აბსოლუტურად სხვა სახელმძღვანელო ხვდება. სხვა მეთოდოლოგიით სწავლება კი იწვევს ბავშვში დაბნეულობას და მისი სწავლის შედეგიანობა ძალიან მცირდება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით და მჯერა ძალიან მალე დავინახავთ შედეგს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.