გივი მიქანაძე: სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის, დღეს კომპანიამ უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა, რომელთაც უკვე გავლილი აქვთ საერთაშორისო ხარისხის კონტროლი

სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კომპანიამ უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა, რომელთაც უკვე გავლილი აქვთ საერთაშორისო ხარისხის კონტროლი.

„სამი თვის წინ დავიწყე პროექტი – მინისტრის შეხვედრა მშობლებთან – და დაახლოებით 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც თითო შეხვედრას დაახლოებით 300 მშობელი ესწრებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი ადამიანი, რომელიც პოზიტიურად არ აფასებდა სკოლებში ფორმების ტარების შემოღებას.

იყო წუხილი იმის შესახებ, თუ რატომ მხოლოდ პირველი და მეექვსე კლასი და რატომ არა სხვა კლასებიც. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეტაპობრივად შემოვიტანოთ ფორმები, რადგან ბავშვებისთვის ეს მაინც არის სიახლე და გვინდა, შევაჩვიოთ ისინი ფორმის ტარების კულტურას. ამიტომ წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასში შემოგვაქვს ფორმები, ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასსაც დავამატებთ.

წელს სამ ეტაპად მოხდება ფორმების მოწოდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.

მშობლებს წინასწარ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია რეალიზაციის პუნქტების თაობაზე, რომლებიც როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებში გაიხსნება. ყველაფერი მაქსიმალურად ორგანიზებული იქნება.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარების სამინისტროს,  სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მაქსიმალურად გვეხმარებიან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა სასკოლო ფორმების ქსოვილის შემადგენლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასკოლო ფორმის მოდელები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

„სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმა იქნება მაღალი ხარისხის. ქსოვილის შესახებ არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, განსაკუთრებით პოლიესტერზე იყო გამახვილებული ყურადღება. საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიესტერი აქტიურად გამოიყენება, თუმცა პოლიესტერის გარდა, არის სხვადასხვა ბუნებრივ მასალასთან შერეული შესაბამისი კონცენტრაციები, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, ფორმას მოქნილობას ანიჭებს და მის ცვეთადობას ამცირებს. ყველა ფორმას – იქნება ეს პიჯაკი, შარვალი თუ ქვედაბოლო – აქვს ანტიალერგიული სარჩული.

ზუსტად დღეს, თქვენთან სტუმრობამდე, მქონდა შეხვედრა კომპანიასთან, რომელმაც უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა. ამ ნიმუშებს გავლილი აქვს საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი ტესტირება. რა თქმა უნდა, ხელშეკრულების გათვალისწინებულია, რომ საქართველოში მოხდეს მისი ხარისხის შემოწმება, შესაბამისად, ეს ნიმუშები უკვე ჩვენთან შეფასდება ხარისხობრივი თვალსაზრისით.

უახლოეს დღეებში ჩვენ დავადგენთ ფასს, რომელიც განისაზღვრება როგორც პიჯაკებისთვის, ასევე შარვლებისა და ქვედაბოლოებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავს დაწყებითი კლასის მოსწავლე, ფორმას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

ჩვენი მიზანი იყო და არის, რომ ეს საქმიანობა ქართულ კომპანიებთან ერთად განხორციელდეს, მაგრამ როდესაც ბაზრის კვლევა და ტენდერი თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, პირველი ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარმოადგინა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ბაზრის კვლევა ვერ შედგა.

კომპანია, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ჩინეთში უმაღლესი სტანდარტის მქონე და ნომერ პირველი სასკოლო ფორმების მწარმოებელია. ამ კომპანიის ხელმძღვანელი უკვე ჩამოსულია საქართველოში. დღეს მასთან შეხვედრა გავმართეთ და სრული გარანტია მივიღეთ როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები