მედია: ცხინვალი ყაზახეთში ღვინის ე.წ. ექსპორტს იწყებს

ე.წ. სამხრეთ ოსური ღვინის კომპანია „ვინოდელნია ირონსანი“, მარტში ყაზახეთში ღვინის ექსპორტს იწყებს.

ამის შესახებ საწარმოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თეიმურაზ გოგინოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კონტრაქტი ყაზახეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიასთან დაიდო, მას შემდეგ რაც გამოფენა „პროდექსპო-2020“-ზე ყაზახმა მეწარმეებმა ღვინოს მაღალი შეფასება მისცეს.

„უკვე შემდეგ თვეში, პროდუქციის პირველი პარტიის ექსპორტს განვახორციელებთ. 14 ათასი ბოთლი გაიგზავნება“, – აღნიშნა გოგინოვმა და დასძინა, რომ ხანგრძლივ თანამშრომლობაში არის დარწმუნებული.

გარდა ამისა, მისი თქმით, ყაზახმა ბიზნესმენებმა დიდი ინტერესი გამოხატეს მინერალური წყლის „ბაგიატას“ მიმართაც. მათ საექსპერტო დასკვნების ასლები მოითხოვეს, ასევე დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ.

„ვინოდელნია ირონსანმა“ ფუნქციონირება 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო. ობიექტი თანამედროვე იტალიური დანადგარებით არის აღჭურვილი. საწარმოში 30 ადამიანი მუშაობს.

დღეს, მარანი ღვინის რამდენიმე და კონიაკის ორ სახეობას აწარმოებს. 2019 წლის მონაცემით, კომპანიამ 800 ათასი ბოთლის ექსპორტი განახორციელა.

მისი პროდუქციის დიდი ნაწილი რუსეთში ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში იგზავნება, ნაწილი, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები