“საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას დარბაზში, სადაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენას მოეწერა ხელი”
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ, პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული არა პროტესტის ფორმა, არამედ ქვეყნის ისტორიის შეურაცხყოფაა.
„საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას პარლამენტის იმ დარბაზში, სადაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა“, – წერს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე საუბრობდა.