იუსტიციის სახლი შშმ პირების მხარდაჭერას აგრძელებს – ჟესტურ ენაში თანამშრომლების გადამზადების მეორე ეტაპი დასრულდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო ეფექტიანად მიწოდებისთვის, ჟესტურ ენაში იუსტიციის სახლის თანამშრომლების გადამზადების მეორე ეტაპი დასრულდა.

ჟესტური ენის კურსი სსიპ იუსტიციის სახლში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ტრენინგები 4 თვის განმავლობაში პარალელურად მიმდინარეობდა: თბილისის, რუსთავის, მარნეულის, გორის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებში, რომლის ფარგლებში გადამზადდა 73 თანამშრომელი. კურსის ჩატარების პროცესში დარგის ექსპერტებთან ერთად აქტიურად ჩაერთო ყრუ და თარჯიმანი ტრენერები.
აღნიშნულის შედეგად, ჩამოთვლილ 6 ქალაქში, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მომსახურების პროცესში საბაზისო დონეზე, დამოუკიდებლად, შეუძლიათ კომუნიკაცია ყრუ და სმენის დაქვეითების მქონე პირებთან.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების მიმართულებით ყველაზე ადაპტირებული სისტემაა ქვეყანაში.

იუსტიციის სახლის მიზანია, ნებისმიერი მოქალაქისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ორგანიზაციის სერვისებით სარგებლობა. სწორედ ამ მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შვედეთის მთავრობის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი – „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის – მეორე ეტაპი“, რომელიც გარდა ჟესტური ენის სწავლებისა, ასევე ითვალისწინებს იუსტიციის სახლის 450-მდე სერვისის ადაპტირების პროექტის მომზადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების შესაბამისად; ფსიქოსოცილური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების სტანდარტის შექმნას; მომსახურების დროს მომხმარებელთა შორის გამოვლენილი ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას და ა.შ.

პროექტის – „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის“ – პირველი ეტაპი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭრით 2018 წლის ივნისიდან – დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, რომლის შედეგად, იუსტიციის სახლმა, თავისი არსებობის მანძილზე პირველად გასცა სერვისი ჟესტურ ენაზე. დღემდე, იუსტიციის სახლში ჟესტური ენის გამოყენებით ასობით სერვისი გაიცა, რაც გულისხმობს ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის იუსტიციის სახლის სერვისებზე წვდომის მნიშვნელოვნად გამარტივებას.
პროექტის ფარგლებში დაინერგა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტი, რომელიც ამოქმედდა ორგანიზაციის ყველა ფილიალში; გადამზადდა იუსტიციის სახლის წინა ხაზის ყველა თანამშრომელი. შეიქმნა 400 ტერმინის შესაბამისი ჟესტი, რომლებიც ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს უმარტივებს იუსტიციის სახლის 450-მდე სერვისის დამოუკიდებლად (თანმხლები პირის გარეშე) მიღების შესაძლებლობას.

იუსტიციის სახლი მომავალშიც განაგრძობს მუშაობას საჯარო მომსახურების სისტემის დახვეწაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები