დაამთავრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1980 წელს მუშაობა დაიწყო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში ჯერ ექსკურსია მძღოლად, შემდეგ – მეცნიერ–მუშაკად.
1984 წლიდან დღემდე მუშაობს საჯარო სკოლაში. ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია.
ახლახან ფიროსმანის მკვლევარზე, ანზორ მაძღარაშვილზე ბიოგრაფიული წიგნი – „ფიროსმანის სიყვარულში ჩაძირული ადამიანი“ გამოსცა. წიგნის გამოცემა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორია გულბად ამირანაშვილი. წიგნი ანზორ მაძღარაშვილის ცხოვრებიდან უცნობ დეტალებს გვაცნობს. – ლამარა ჯანაშვილის პერსონა.
– დასამახსოვრებელი ბავშვობიდან?
– ბატონი ანზორი ჩემი მეზობელი იყო, თანაც ჩემი დის ნათლია. მუზეუმში მუშაობა 1968 წელს დაიწყო. ამ დროს დაწყებით კლასებში ვსწავლობდი. მახსოვს, ყოველდღე როგორ ჩაივლიდა სოფლის კვალობაზე განსხვავებული ჩაცმულობის დიპლომატი ჩანთით სამსახურში. მან დაამთავრა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.
თუკი სკოლის პერიოდში რაიმე დახმარება მჭირდებოდა, ბატონ ანზორს მივმართავდი. უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების დაწყებამდე ერთ თვეში ისტორიასა და ქართულში მთელი პროგრამა გამატარა. სამსახურში ჩავლისას მასალას მომცემდა, ამოვლისას, ჩაიბარებდა.
– რატომ ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი?
– სკოლა წარმატებით დავამთავრე. ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობდი, მაგრამ გამორჩეულად ისტორია მიყვარდა. იმ წელს ორივე სპეციალობა (ქართული ენა – ლიტერატურა და ისტორია ერთად იყო.
– თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრებიდან 5 დღეში მუშაობა დაიწყეთ მირზაანის ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში, რომლის დირექტორიც ანზორ მაძღარაშვილი იყო. რით იყო მაშინ საინტერესო მუზეუმში მუშაობა?
– ინსტიტუტი დავამთავრე 1980 წელს. საექსპოზიციო დარბაზი ერთი წლის გახსნილი იყო. უამრავი დამთვალიერებელი მოდიოდა. გვსტუმრობდნენ კულტურის სფეროს მუშაკები, მეცნიერები, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები. თუკი სტუმარი ჰყავდათ, ფიროსმანის მუზეუმში მოჰყავდათ. მოდიოდნენ ტურისტები საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან.აგრეთვე ე. წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან. ამიტომ მუზეუმის თანამშრომლების საქმიანობაც მრავალფეროვანი იყო. ხშირად ვცვლიდით გამოფენებს. უცვლელი მხოლოდ ფიროსმანის ნახატების გამოფენა იყო.
ქიზიყის სოფლებში ვაგროვებდით ეთნოგრაფიულ თუ ფოლკლორულ მასალას. ყოველ თვე ვუშვებდით კედლის გაზეთს სახელწოდებით „მუზა“ ე. წ. ალექსანდროვის ქაღალდზე, რომელშიც ასახული იყო მუზეუმის საქმიანობა. ვბეჭდავდით სტატიებს, ჩანახატებს. ყველა ამის სულისჩამდგმელი, რა თქმა უნდა, ბატონი ანზორი იყო. მისი თავდადება „გვაიძულებდა“, ჩვენც აქტიურად ვყოფილიყავით ჩართულნი სამუზეუმო საქმიანობაში. ყველაფერში მაგალითის მიმცემი იყო. სულ ახალ-ახალი იდეები ჰქონდა. მხატვართა ნამუშევრების გარდა იფინებოდა ეთნოგრაფიული ნივთები, გამოჩენილი პოეტების თუ საზოგადო მოღვაწეების საქმიანობის ამსახველი ფოტოები, რაიონის მოსწავლეების ნახატები. ტარდებოდა ლექცია-სემინარები.– ახლახან თქვენი წიგნი გამოიცა ანზორ მაძღარაშვილზე – „ანზორ მაძღარაშვილი – ფიროსმანის სიყვარულში ჩაძირული ადამიანი“… როგორ დაიბადა წიგნის გამოცემის იდეა?
– ბავშვობიდანვე მაოცებდა ბატონი ანზორის დაუშრეტელი ენერგია, შეუპოვრობა, თავგანწირვა. ის იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთაც თავი გადადებული აქვთ და მხოლოდ საზოგადო საქმეზე ფიქრობენ.
სულ სამი წელი (1980-83) ვიმუშავე მუზეუმში, მაგრამ ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. ვეზიარე ხელოვნების გასაოცარ სამყაროს. შემდეგ დავოჯახდი და მომიწია სამსახურის შეცვლა. დაახლოებით 10-12 წლის წინ გადავწყვიტე ბატონ ანზორზე ბიოგრაფიული წიგნის გამოცემა.
თავიდან უარი მითხრა. დაჟინებული თხოვნის შემდეგ დამთანხმდა. ზაფხულობით, როდესაც მაჩხაანში ავდიოდი, თუ საინტერესო მასალას წააწყდებოდა, მომიტანდა ხოლმე. ხან მიყვებოდა… ვაკეთებდი ჩანაწერებს…ასე მოგროვდა გარკვეული მასალა.
პირველად რომ გაათავისუფლეს სამსახურიდან, თანამშრომლობა შეაჩერა. აღდგენის შემდეგ გავაგრძელეთ, მაგრამ კვლავ გაათავისუფლეს, აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს. ზოგი რაღაც დასაზუსტებელი დარჩა, ამიტომ ვერც ავსახე წიგნში. ნარკვევი სრულყოფილი არ არის. საკმაო არქივი აქვს სახლში და მეტი მუშაობა იყო საჭირო.
ვფიქრობ, ფართო საზოგადოებრიობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს დროშიც არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადო საქმისთვის იღვწიან.
– წიგნში საინტერესოდ გადმოსცემთ მუზეუმის მშენებლობის ისტორიას, რომელიც ბატონი ანზორის თავდადებით აშენდა… როგორ მოახერხა მან ეს დიდი საქმე?
– მუზეუმში მისვლისთანავე ანზორ მაძღარაშვილმა დაიწყო ზრუნვა, რომ სახლ-მუზეუმი გადაექცია ერთ-ერთ ძლიერ კულტურულ კერად, ისეთად, როგორიც ფიროსმანს ეკადრებოდა. მართალია, მას მუზეუმის მოწყობის ხედვა თავიდანვე ჰქონდა, მაგრამ უფრო სრულყოფილი წარმოდგენა რომ ჰქონოდა, გაეცნო ზოგადად მუზეუმის მუშაობის სტილს. ხშირად აკითხავდა საჯარო ბიბლიოთეკას, არქივებს, შეისწავლა ფიროსმანის შესახებ მასალა – ეს იქნებოდა მოგონებები, კვლევები, წერილები. შეადგინა სამოქმედო გეგმა და ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ გადაწყვიტა, მხატვრის სოფელში აეშენებინა საექსპოზიციო დარბაზი. იმდროინდელ მესვეურთაგან ნაწილი მხარს უჭერდა, თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ვერ აფასებდნენ მხატვრის სიდიადეს. ისინი ბატონ ანზორს „მკვდარი კაცის ყარაულად“ მოიხსენებდნენ და ყურში აგონებდნენ – „ერთი გატეხილი ურემი აქვს დახატული და თან გადაგვაყოლესო“.
ბატონი ანზორი არავის შეუშინდა. მისმა ქიზიყურმა სიჯიუტემ, მიზანდასახულობამ, სამინისტროდან სამინისტროში დაუღალავმა სირბილმა შედეგი გამოიღო და 1979 წლის 13 მაისს გაიხსნა საექსპოზიციო დარბაზი. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა, მით უმეტეს, რომ მეცხრე ხუთწლედში არავითარი კულტურული დაწესებულება არ უნდა აშენებულიყო.
– თქვენს წიგნში წარმოჩენილია მუზეუმის ისტორიის და ბატონი ანზორის ცხოვრების უცნობი დეტალები. რომელ ამბავზე გაამახვილებდით ყურადღებას?
– ნარკვევში არა მაქვს აღწერილი, მაგრამ ერთი საინტერესო ამბავი უნდა გაგანდოთ, თუმცა ვერც დაწვრილებით აღვწერ სათანადო მასალის უქონლობის გამო.
ეს მოხდა 1977 ან 1978 წელს. დაიჭირეს მუზეუმის მშენებელი ქალი ვალია გონაშვილი (წიგნის დაბეჭდვის შემდეგ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან გავიგე, რომ ვალია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობს).
თურმე ანზორის დაპატიმრების ორდენიც იყო გაცემული. ანზორს გათენებისას ჩაესმა ხმა – ჩქარა წადი სახლიდანო. პირველივე რეისის ავტობუსს გაჰყოლია თბილისში და ლადო გუდიაშვილის სახელოსნოში იმალებოდა. მალე საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის, პავლე გილაშვილის მოხსენებაში, რომელიც გაზეთ „კომუნისტში” დაიბეჭდა, წუხილი იყო გამოთქმული ამ უკანონო დაპატიმრების შესახებ. ვალია გაათავისუფლეს, აღადგინეს სამსახურში და მშენებლობაც გაგრძელდა.
– ანზორ მაძღარაშვილის დიდი მონდომებით და დამსახურებით გაიხსნა თბილისის ფიროსმანის მუზეუმი, ამის შესახებ თავის დროზე მან ჩემთან ინტერვიუშიც ისაუბრა. პირველი ექსკურსიამძღოლი თბილისის ფილიალში თქვენ იყავით….
– ერთ დღეს თბილისიდან მირზაანში ფიროსმანის მუზეუმს ეწვივნენ ძმები დონაძეები. ერთი ძმა – ნოდარ დონაძე სახლმმართველი იყო, მეორე – ბალახის ჰოკეის მწვრთნელი.მათ განაცხადეს, რომ მალაკნების ქუჩა N29-ში (ამჟამად ფიროსმანის ქუჩა), სადაც გადმოცემით ფიროსმანმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, მუზეუმი მოვაწყოთო. ანზორი მაშინვე წავიდა თბილისში, დაათვალიერა ადგილი, მათი მეშვეობით დაუკავშირდა ჩუღურეთის (ოქტომბრის) რაიონის რაიკომის მდივან არტემ აზიროვს. მან ყურადღებით მოუსმინა, იქ მობინადრე ოჯახს სხვა ფართი შესთავაზა და კიბის ქვეშ, ორ ოთახში საზოგადოებრივ საწყისებზე გაიხსნა მუზეუმი.
მირზაანის მუზეუმიდან ჩავიტანეთ ფიროსმანის ნახატების ასლები, ეთნოგრაფიული ნივთები. იტალიურ ეზოში შეიკრიბნენ იმ ქუჩის მცხოვრებლები, ბავშვები, პედაგოგები. იქ იყო იმ რაიონის განათლების განყოფილების გამგე სოლიკო მელაძე და ერთ-ერთი მასწავლებლის ბინაში აღვნიშნეთ მუზეუმის გახსნა. „მოამბემ“ გააშუქა ეს ამბავი. ოფიციალური სტატუსი კი ფიროსმანის მუზეუმის თბილისის ფილიალს 1988 წელს მიენიჭა.
– მირზაანში ფიროსმანის მუზეუმის რეაბილიტაცია დაწყებულია. სამომავლოდ ჩაფიქრებულია, რომ ამ ადგილას ხელოვნების დიდი ცენტრი აშენდეს…
– ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის აშენების იდეა ბატონ ანზორს ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაუჩნდა. მხატვართა კავშირმა, მრავალრიცხოვანი მხატვრების მოთხოვნის საფუძველზე, მიმართა კულტურის სამინისტროს. მართლაც, მუზეუმის მახლობლად შეიძინეს მიწის ნაკვეთი და მეზობელ სოფელ მაჩხაანში სამი შენობა. ქვეყანაში განვითარებული პროცესების გამო ამ იდეას განხორციელება არ ეწერა. თუმცა ცენტრის დაარსების იდეა ძალაში დარჩა.
1998 წელს ექსპერიმენტის სახით მუზეუმში ჩამოყალიბდა საზაფხულო სკოლა. 30-მა ახალგაზრდა მხატვარმა ირლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან საველე პირობებში ერთი თვე გაატარა. მათი შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა ფიროსმანის საგამოფენო დარბაზში. სკოლის დიდმა წარმატებამ ნათლად აჩვენა ამ პროექტის განხორციელების საჭიროება. მუზეუმს გარკვეული დროით ეწვია მხატვარი რეზო ადამია, რომელმაც შექმნა სურათების ციკლი – „ფიროსმანის გარემო”.
მუზეუმს სხვადასხვა დროს ეწვივნენ იუნესკოს ექსპერტები: ჰეროსტ გოდიკე, ფრანსის ჩაილდი, მაიკლ ჰოლდენი, ჰელენა დობრა. მათ მხარი დაუჭირეს საერთაშორისო ცენტრის გახსნის იდეას. პროექტის შედგენა დაევალა ჰელენა დობრას.
ცენტრი ქართველ და უცხოელ ხელოვანებს გამოფენების მოწყობის, სიმპოზიუმების, კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების ჩატარების საშუალებას მისცემდა.
ცენტრი ხელს შეუწყობდა რეგიონში ტურიზმის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარებას.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ მხრივ სასიკეთო არაფერი ხდება…
– ხორნაბუჯის სკოლის ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი ხართ – სკოლის გახსნიდან დღემდე… ალბათ სოფლის სხვა სკოლების მსგავსად კონტინგენტი იქაც შემცირებულია. რა პრობლემები გაქვთ? რამდენად წიგნიერი თაობა მოდის?
– მოგეხსენებათ, სოფელი ხორნაბუჯი 1988 წელს დაარსდა ისტორიული ციხე-ქალაქის ძირში.საბედნიეროდ, სხვა სოფლებთან შედარებით მოსწავლეთა რაოდენობა შემცირებული არ არის. სოფელში რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. სამუშაო ადგილები ახლოა და ვისაც არ ეზარება, თავს ირჩენს. პრობლემაა არატიპური სკოლის შენობა. პატარა ნიავი და ღუმლიდან კვამლი გამოდის და ციცქნა ოთახებში გაჩერება არ შეიძლება.
რაც შეეხება, წიგნიერებას, ხმის ამოღება მიჭირს, რაც არ უნდა ვალამაზოთ, საყოველთაო სენია.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ისევ და ისევ ისტორიაა. ვწუხვარ, რომ ახალგაზრდა თაობას ნაკლებად აინტერესებს წარსული. ფესვებმოჭრილი ხე, მოგეხსენებათ, როგორიც იქნება… ლიბერალურმა იდეოლოგიამ განადგურებამდე მიიყვანა ეროვნული ცნობიერება.
– ოჯახი…
– ოჯახი 24 წლისამ შევქმენი. მეუღლე 13 წლის წინ გარდამეცვალა. მყავს ქალ-ვაჟი. ბიჭს ხუთი შვილი ჰყავს და ერთად ვცხოვრობთ სოფელ ხორნაბუჯში. ხუთივე მოსწავლეა. ქალიშვილს ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც გვიან შეეძინა.
თამარ შაიშმელაშვილი