ნანა კაკაბაძე: 80 წლის შემდეგაც ბევრი არაფერი შეცვლილა და დღესაც ფაშისტური გამოვლინებების აღმოფხვრასა და ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შექმნაში პიროვნების როლი უმნიშვნელოვანესია

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე,ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„საქართველოს როლი ფაშიზმის დამარცხებაში

ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე საქართველოს მრავალ ბოროტებასთან მოუწია გამკლავება. ქართველი კაცი 80 წლის წინ მსოფლიო მასშტაბის ბოროტების, ფაშიზმისაგან, ისევე იცავდა თავის მამულს, როგორც მისი წინაპრები იცავდნენ მურვან-ყრუების, თემურ-ლენგებისა თუ შაჰ-აბასებისგან.

ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებას შეეწირა საქართველოდან მოსახლეობის პროპორციულობის მიხედვით ყველაზე დიდი რაოდენობა – 300 ათასი ადამიანი.

დღეს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს ისტორიის, ჩვენი წარსულის და გამარჯვების დღის დაკნინებას. თითქოს, უცნაურია, მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ ფაშიზმზე გამარჯვებაში საკუთარი ხალხების წვლილის არათუ ხაზგასმას, არამედ გაზვიადებასაც კი, ხოლო თანამედროვე ქართველების ის ნაწილი, რომლებიც საკუთარ თავს მედასავლეთეებს და პატრიოტებს ეძახის, არათუ უგულებელყოფს ქართველების როლს ამ დიდ გამარჯვებაში, არამედ სამარცხვინოდაც კი მიიჩნევს ჩვენი გმირი წინაპრების თავდადებული ბრძოლის მნიშვნელობის აღნიშვნას.

იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ ევროპისადმი უპირობო მორჩილებისკენ. არადა, ევროპიდან ყველაფრის თვალდახუჭული მიღება იმის დავიწყებას ნიშნავს, რომ ფაშიზმის სამშობლოც ევროპაა და არავინაა იმისგან დაცული, რომ ისევ იქიდან არ მოდიოდეს ლამაზად შეფუთული მსგავსი იდეოლოგია. ამის ნიშნებს ვხედავთ საქართველოს წინააღმდეგ ევროპიდან მომავალ დაუსაბუთებელ სანქციებში, რეზოლუციებსა თუ დირექტივებში.

ძნელი ასახსნელია ამ უცნაური ფენომენის გენეზისი, მაგრამ თუ თვალებს არ დაიბრმავებ, შეუძლებელია, არ დაინახო ქართველების დიდი როლი ფაშიზმის დამარცხებაში. რაოდენობრიობასა და ერთიანობის გარდა, ბოროტების დამარცხებაში, ცალკეული პირების როლსაც ჰქონდა უზარმაზარი მნიშვნელობა. რომ არა პიროვნული გენიალურობა, გამჭრიახობა და თავდადება, მხოლოდ მებრძოლთა რაოდენობა ამ შედეგს ვერ დადებდა.

საერთო რაოდენობით მცირერიცხოვანი ქართველების რა პროცენტული ოდენობა წარმოადგენდა უმაღლეს და მაღალ სამხედრო იერარქიას, ეს საყოველთაოდ ცნობილია.

ფაშიზმის დამარცხებიდან 80 წელს აღვნიშნავთ დღეს. 80 წლის შემდეგაც ბევრი არაფერი შეცვლილა და დღესაც ფაშისტური გამოვლინებების აღმოფხვრასა და ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შექმნაში პიროვნების როლი არის უმნიშვნელოვანესი…

დღეს, როდესაც სახეზეა ერთის მხრივ, ახალი მსოფლიო წესრიგის დაბადება და მეორე მხრივ, ალმოდებული პლანეტის ტურბულენტობა, თითოეული სახელმწიფოს და ადამიანის სწორ და ადეკვატურ ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს უდიდესი მნიშვნელობა. სწორედ ასეთი ადამიანების ნაბიჯებისა თუ გადაწყვეტილების მოლოდინშია ღირებულებებზე დაფუძნებული ახალი მსოფლიო.

და ვისგან, თუ არა ქართველისგან უნდა გვქონდეს ასეთი მოლოდინები.

პატრიარქის სიტყვებია – „საქართველო გაბრწყინდება“ და ეს გაბრწყინება მხოლოდ გონიერებაზე დაფუძნებული რაციონალური პოლიტიკის შედეგად შეიძლება დადგეს და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასეც იქნება, რადგან საქართველო, თავისი ტერიტორიული თუ დემოგრაფიული მასშტაბების მიუხედავად, დღესაც არის და მომავალშიც იქნება მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის ავანგარდში.

კონკრეტული ქვეყნების ისტორიას გამორჩეული პიროვნებები ქმნიან, ხოლო მსოფლიოს ისტორიის პროგრესთან გამორჩეული სახელმწიფოები არიან დაკავშირებული. მე საქართველო სწორედ ასეთ სახელმწიფოთა რიცხვში მეგულება, რადგან თითქმის, 3 ათასწლეულის მანძილზე უამრავი ჭირისა და უბედურების გადატანის მიუხედავად, ჩვენი ერი და ქვეყანა ყოველთვის პროგრესის გულშემატკივარი იყო. ამიტომაც ჩვენი გადარჩენა და დღევანდელ დღემდე მოსვლაც უფლის ნებამ განაპირობა, რაც ჩვენი ხალხის მხრიდან ღმერთის სიყვარულით და ისტორიის მუდამ სწორ მხარეს დგომით დავიმსახურეთ.

ამიტომ მჯერა, რომ მსოფლიოს მომავალი არა ფაშიზმს, ან ლამაზად შეფუთულ სხვადასხვა მსგავს იდეოლოგიას, არამედ რეალურ დემოკრატიასა და ადამიანის რეალური თავისუფლების დაცვას ეკუთვნის, რომელშიც საქართველოს აუცილებლად ექნება ერთ-ერთი წამყვანი ადგილი“, – წერს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები