გიორგი ალადაშვილი: უმნიშვნელოვანესია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უფრო კომფორტულ გარემოში შეასრულონ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ქალაქ თელავში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა დაათვალიერა.
„ჩვენი რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი. ქალაქ თელავში გავხსენით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობა. აღსანიშნავია, რომ ეს უწყება ახორციელებს ისეთ საკითხებზე პრევენციას, როგორიც არის უკანონო ტყითსარგებლობა და ბრაკონიერობა. უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებმა უფრო კომფორტულ გარემოში შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში, გიორგი ალადაშვილმა.
ოფისში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების, ასევე, ინსპექტირების განყოფილებები ერთად განთავსდება. კახეთის რეგიონულ სამმართველოში შტატით გათვალისწინებულია 90 თანამშრომელი.