ზუგდიდში “საჭიროებებზე დაფუძნებული შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისების“ თემაზე  მრგვალი მაგიდა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) თემაზე – „საჭიროებებზე დაფუძნებული შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისები“ მრგვალი მაგიდა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ მიმართა.

“ძალზე მნიშვნელოვანი ის საკითხი, რომელიც ამ შეხვედრაზე განიხილება: „საჭიროებებზე ორიენტირებული შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისები“. ამ პრობლემის მნიშვნელობაზე ყველა ვთანხმდებით, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ეს მნიშვნელობა გავითვალისწინოთ და ავსახოთ მუნიციპალურ პროგრამებში, როგორიცაა ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სხვადასხვა პროგრამების სახით. ნამდვილად შეიძლება დიდი ნაბიჯებით არა, მაგრამ პროგრამული სერვისების სახით წინ მივიწევთ, თუმცა გამოწვევა ისევ გამოწვევად რჩება და ერთად ყოფნით, ერთმანეთის იდეების გაზიარებით და მსგავსი დისკუსიებით, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში გავუმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას“,-განაცხადა წოწერიამ.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს პროექტი და დისკუსიის თემა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ წარუდგინა. დისკუსიის ფარგლებში, განიხილეს შემდეგი საკითხები- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შშმ პირთა მხარდამჭერი პროგრამები“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერა“, „მეტყველების თერაპიის ადრეული ინტერვენციის მნიშვნელობა“.

შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. დისკუსია ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები