სესიაშვილი: თუ რუსეთი გამოგზავნის ისეთ პირს, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი, ეს იქნება მიუღებელი, პროვოკაციულიც კი

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ რუსეთი საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალზე ისეთ წარმომადგენელს გამოგზავნის, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, ეს მათი მხრიდან მიუღებელი და პროვოკაციული ნაბიჯი იქნება.

ამის შესახებ სესიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროსაბჭოს მინისტერიალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენ თავმჯდომარე ქვეყანა ვართ და ცხადია, საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს. ის უნდა ჩატარდეს აუცილებლად თბილისში, ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საკითხია. ჩვენი ოპონენტების განცხადებას, რომ სტრასბურგში ჩატარდეს, თუ ბრიუსელში, ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას თავისი იმიჯი აქვს. დიახ, ეს უნდა ჩატარდეს საქართველოში.

ვისურვებ, რომ არცერთი ის პირი არ გამოაგზავნოს რუსეთმა, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. საქართველო იმოქმედებს კანონის ფარგლებში. თუ რუსეთი გამოგზავნის ისეთ წარმომადგენელს, რომელსაც დარღვეული აქვს აღნიშნული კანონი, ეს იქნება მიუღებელი ნაბიჯი მათი მხრიდან, ვიტყოდი, რომ პროვოკაციულიც კი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას შევასრულებთ.
მიმდინარეობს კონსულტაციები ევროსაბჭოსთან, შესაბამის უწყებებთან, საორგანიზაციო საკითხები პროცესშია. მე იმედი მაქვს, რომ ამ ღონისძიებას ღირსეულად გავუმკლავდებით. კანონს, რა თქმა უნდა, არ დავარღვევთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთი, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა რუსეთის წარმომადგენლობის დონე ჯერ განსაზღვრული არ არის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სენატორმა გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა.

„რუსეთი მონაწილეობას მიიღებს, ვინ ჩავა იქ – საკითხია, რომელიც დაზუსტდება“, – თქვა კარასინმა. ვითარების შესაძლო გართულების საკითხი მან „ხელოვნურ პრობლემად“ შეაფასა.

თბილისში, 14-15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის შემადგენლობაში რუსეთის დელეგაციაც შედის.

დელეგაციის წევრების ნაწილს, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელიც ტრადიციულად დელეგაციას ხელმძღვანელობს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვთ დარღვეული.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები