ირაკლი სესიაშვილი: საქმე გვაქვს პოლიტიკურ მავნებლობასთან, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ყველა საერთაშორისო არენა გამოიყენონ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის
საქმე გვაქვს პოლიტიკურ მავნებლობასთან, სადაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ყველა საერთაშორისო არენა გამოიყენონ არა ქვეყნის, არამედ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ასე ეხმაურება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის ჩავარდნას პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
როგორც სესიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ჩააგდეს ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდა.
„ზოგადად, თუ სიტყვა კრახს ვახსენებთ, მათი პოლიტიკური იდეოლოგიის კრახია ის დამოკიდებულება, რაც მათ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე გამოავლინეს. მაშინ, როდესაც ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების, მათ შორის ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური განცხადებებით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, თავისთავად ცხადია, ჩვენ ყველა ეს საერთაშორსიო ორგანიზაცია და პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები უზრუნველვყოთ და მხარი დავუჭიროთ. ამ კომიტეტის თანათავმჯდომარემ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარი იყო და არის, როცა ევროპარლამენტში ხდება დებატები მმართველ და ოპოზიციურ პარტიას შორის შიდაპოლიტკურ საკითხებზე. ეს იყო ყველაზე მთავარი პრობლემა . იდეოლოგიური პრობლემა, რაც ჩვენს ოპონენტებს აქვთ, არის ის, რომ სადაც არის ეროვნული ინტერესები , იქ ხდება არა ძალების და პოზიციების კონსოლიდირება, არამედ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების უზრუნველყოფას და დაკმაყოფილებას.
რა მოხდა ამ კომიტეტზე: ჩვენმა ოპონენტები, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შეეცადნენ, რომ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური თემები , მეტ-ნაკლებად ტყუილით დატვირთული, გაეტანათ ცვლილებების სახით ამ რეზოლუციაში , რასაც, ბუნებრვია, მხარს ვერ დაუჭერდნენ მმართველი პარტიის , „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ცვლილებების პროექტი ჩაუვარდა ჩვენს ოპოზიციას . შესაბამისად, რეზოლუცია ძირითადად კონცენტრირებული იყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალ ინტერესებზე , რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება და ამის საპირისპიროდ, რახან თავისი ვერ გაიტანეს და ჩაუვარდათ, ადგნენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ გამოიყენეს ევროპული სახალხო პარტიის ხმები და მათ უთხრეს, არ მიეღოთ მონაწილეობა რეზოლუციის მხარდაჭერაში. შესაბამისად, მათ ჩააგდეს ის, რაც ქვეყნის ინტერესში შედიოდა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტთან მუშაობა გაგრძელდება.როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება დამოკიდებულია არა რაიმე ერთ რეზოლუციაზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე.
„ჩემთვის , ყველაზე სწორი პასუხი იყო თანათავმჯდომარის განცხადება, რომ მისთვის გაუგებარი იყო, რატომ ხდება დებატები შიდაპოლიტიკურ საკითხებზე ევროპარლამენტში , როცა ევროპარლამენტში ერთიც და მეორეც უნდა ვიდგეთ ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშრიის წევრი და ჩვენი ქვეყანა სწორად წარმოვაჩინოთ. დასკვნა ძალიან მარტივია: ჩვენი ოპონენტებისტვის ხელისუფლებაშიც რომ იყვნენ, მთავარი პრიორიტეტული ინტერესი იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესები , ძალაუფლება და სახელმწიფო, ეროვნული ინტერესები იყო სადღაც ძალიან შორის. ეს არის ჩვენი ოპონენტების რეალური სახე. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ მავნებლობასთან , სადაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ყველა საერთაშორისო არენა გამოიყენონ არა ქვეყნის, არამედ საკუთარი ვიწროპოლიტკური ინტერესებისთვის.
რაც შეეხება მომავალს, მე დარწმუნებული, ვარ, რომ ჩევნ ევროპარლამენტთან მუშაობას გავაგრძელებთ. ევროკავშირში ჩვენი ქევყნის გაწევრიანება დამოკიდებულია არა რაიმე ერთ რეზოლუციაზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.
თამუნა შეყილაძე