არჩილ გოგსაძე ბაღდათის ტრაგედიაზე: მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება (ვიდეო)
ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე რამდენიმე დღის წინ ტრაგედიის შედეგად დაღუპული ოჯახის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, აღნიშნულ ოჯახს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ყურადღება არ აკლდა. ოჯახი სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად იღებდა და ასევე, გამოყოფილი ჰქონდა საცხოვრებელი ფართი.
“ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. თუმცა, მინდა, იმ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო, რომელიც ამ თემის ირგვლივაა ატეხილი. სამწუხაროდ, ზოგიერთი ტელევიზიის მიზანმიმართული თუ შეგნებული დეზინფორმაციის გამო, ამბავს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ორგანო და მის ფუნქციებში რაც არის გაწერილი ბიუჯეტით, ყველა მიმართულებით ვცდილობთ მაქსიმალური თანადგომა გავუწიოთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ ოჯახზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იღებდნენ სოციალურ შემწეობას სააგენტოდან, დაკმაყოფილებულები იყვნენ საცხოვრისით. ასევე, მათი სახლის სახურავი გადაიხურა მუნიციპალური ხარჯებით. ამ ტრაგედიისას მეორე დაღუპულის ოჯახისთვის კი, მთლიანად ახალი სახლი იქნა აშენებული. ასევე, სარგებლობდნენ უფასო სასადილოს სერვისით და იღებდნენ ყველა იმ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას, რაც მერიის ბიუჯეტით არის გაწერილი”, -აღნიშნა ბაღდათის მერმა.
გარდაცვლილი ქალის დედის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის სრულიად მიტოვებულად გრძნობს თავს და არანაირ დახმარებას არ იღებს, გოგსაძე შემდეგნაირად პასუხობს.
“ეს ქალბატონი არ არის რეგისტრირებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, ის სერვისები, რომელიც მერიას აქვს, მათზე ვერ გავრცელდება. ჩვენ ვემსახურებით იმ ადამიანებს, რომლებიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი. ამ ქალბატონს ყავს შვილები, ოჯახი, როგორც ვიცი, მისი შვილები იყვნენ ჩამოსულები, შესთავაზეს წაყვანა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გარდაცვლილების დაკრძალვის ყველა ხარჯი მუნიციპალიტეტმა გაიღო”, – განაცხადა არჩილ გოგსაძემ.
აღნიშნულ თემაზე “რეგიონული კვირა“ გარდაცვლილი ქალის ნათესავსაც დაუკავშირდა. როგორც მადონა კბილაშვილი ამბობს, ოჯახს თვითმმართველობის მხრიდან მზრუნველობა არ აკლდა.
“იღებდნენ სოციალურ დახმარებას, პენსიას, სოფელი აქვთ, სადაც მთავრობამ სახლი გაურემონტა. სახელმწიფომ ბინა მისცა, მეტი რა უნდა ექნათ. ნოემბერში რომ შეუწყდათ დახმარება, გადამოწმების მიზნით მოხდა ეს. ვერ საზღვრავდნენ სად უნდა წაეღოთ ეს ფული, მერია ამას ხომ ვერ დაუკონკრეტებდა“, – ამბობს მადონა კბილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ბაღდათში 3 თებერვალს მოხდა,საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ქალბატონის და ოთხი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.