მამუკა მდინარაძე: გუშინდელისგან განსხვავებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას რეაგირება არ მოუხდენია ოპერატორების და ჟურნალისტების მძიმე შეურაცხყოფის სხვა ფაქტებზე

გუშინდელისგან განსხვავებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას რეაგირება არ მოუხდენია გრიგოლ ვაშაძის მიერ მიერ ოპერატორების და გიგა ბოკერიას მიერ ჟურნალისტების მძიმე შეურაცხყოფის ფაქტებზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ მედიაში ტრენდი დამკვიდრდა, რომ ჟურნალისტებს, არიან ისინი მიკერძოებული, სუბიექტური, ტენდენციური თუ არა, ნებისმიერს შეუძლია, პოლიტიკოსებს რაღაცები დააბრალონ.

“ანრი ოხანაშვილი გუშინ ამ ჩარჩოებს გასცდა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ, ვინც გუშინდელ ეთერზე პროტესტს გამოთქვამენ და ჟურნალისტის უფლებას იცავენ, ხმა არ ამოუღიათ მაშინ, როდესაც “იმედის” ჟურნალისტს და “იმედის” ყველა ჟურნალისტს უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა გიგა ბოკერიამ და მათ მსხვერპლი ეძახა, ისეთი მსხვერპლები, რომლებიც თურმე ვერც კი აღიქვამენ, რომ ისინი მსხვერპლები არიან. ასეთ უმძიმეს შეურაცხყოფაზე არცერთი იმ ადამიანის რეაქცია არ მოგვისმენია, რომელიც გუშინ ,”ფეისბუქში“ პოსტავდა და გამოთქვამდა პროტესტს. არ მოგვისმენია მათი პროტესტი მაშინ, როდესაც გრიგოლ ვაშაძემ ოპერატორებს უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ადამიანები რომ დაეცვათ, შემდეგ დავიჯერებდით, რომ ისინი გუშინდელ პროტესტში გულწრფელები არიან. როდესაც აკეთებ რეპორტაჟს თუ პირდაპირ ეთერში ჩართვას, მამუკა მდინარაძეს, გაგა კახიანს, გოგა გულორდავას აბრალებ “ნაცობას“ – გაგა კახიანზე ამბობ მაგალითად, რომ შტაბის უფროსი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე ერთხელ მისულა პრეტენზიით დავით საყვარელიძესთან, ამ ტყუილზე ვინმე ბოდიშს მოიხდის? “- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

როგორც უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, მაშინ, როცა ჟურნალისტს ის ადამიანი მიჰყავს სტუმრად, რომელმაც შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილს კი არა, მის მცირეწლოვან გოგონებს მიაყენა და ისეთ რაღაცებს ეძახდა, თვითმხილველები ვერც კი იმეორებენ.

“გუშინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, მაგრამ ქარტიას რეაგირება არ მოუხდენია ოპერატორების ძალიან მძიმე შეურაცხყოფაზე, ქარტიას არ მოუხდენია რეაქცია “იმედის” ჟურნალისტების უმძიმეს შეურაცხყოფაზე, მოახდინა მხოლოდ ამ შემთხვევაში. რატომ? იმიტომ, რომ ჩემი სუბიექტური ანალიზით, ეს ეხებოდა მათი მხარდამჭერი ნარატივის მქონე ჟურნალისტს. “იმედის” ჟურნალისტი იმიტომ რომ არ იტყუება, გახდა ბულინგის მსხვერპლი. არ უნდა იყოს ორმაგი სტანდარტი. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, დადგა თქვენს წინაშე და როცა მანდატური უხეშად მოექცა ჟურნალისტს, მანდატურის ნაცვლად ბოდიშები ვიხადე, ყველას მაგივრად ბოდიშები ვიხადე იმიტომ, რომ მართლა მგონია, თქვენ რაც არ უნდა სუბიექტური იყოთ, ამის უფლება გაქვთ. იმის ლეგიტიმაციაც კი გაქვთ, რომ რაღაცები დაგვაბრალოთ, როგორც ამას ხშირად აკეთებთ, მაგრამ ჩვენც გვაქვს იმის უფლება, გითხრათ, რომ იტყუებით. ამას თქვენ არქმევთ თავდასხმას. თქვენ თუ შეგიძლიათ, რაღაცები დაგვაბრალოთ, ეს რატომ გამორიცხავს ჩვენს უფლებას, რომ დაბრალებულზე გითხრათ, იტყუებით? ანრი ოხანაშვილსაც შეუძლია, თავისი პოზიცია ჰქონდეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები