ღია მმართველობის საკითხებზე მაღალი რანგის სათათბირო ორგანო შეიქმნა – წევრები მინისტრის მოადგილეები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები იქნებიან
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პროცესში ჩართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია მმართველობის მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.
მაღალი რანგის სათათბირო ორგანოს წევრები მინისტრის მოადგილეები და პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები იქნებიან.
საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დაინტერსებული მუნიციპალური ორგანოები მიიღებენ.
ღია მმართველობის პროცესს 2013-2019 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უძღვებოდა. ამ პერიოდში არაერთი ხელშესახები შედეგი იქნა მიღწეული, მათ შორის, საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა 2017-2018 წლებში და პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს საქართველოში უმასპინძლა.
პროცესის კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე 2019 წლის აპრილიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით შეიქმნა მაღალი რანგის სათათბირო ორგანო, რომლის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ღია მმართველობასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო საკითხების ადვოკატირება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გაწიონ.
ღია მმართველობის ახალი საკოორდინაციო მოდელის ჩამოყალიბების პროცესში ადმინისტრაციამ აქტიურად ითანამშრომლა „ღია მმართველობის პარტნიორობის” (Open Government Partnership – OGP) საერთაშორისო სამდივნოსთან.
ახლადშექმნილი საბჭოს დებულების მიხედვით:
– ნათლად ყალიბდება ღია მმართველობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესი, რომლის თანახმად, თანაბარი უფლებები ენიჭებათ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს;
– საბჭოს ხელმძღვანელობის უფლებამოსილება ორ თანამომხსენებელს შორის ნაწილდება, რომელთაგან ერთი სახელმწიფო უწყებების, ხოლო მეორე – არასამთავრობო სექტორის მხრიდან იქნება წარდგენილი;
– საბჭოს ანგარიშვალდებულება საქართველოს მთავრობის წინაშე განისაზღვრება;
– სახელმწიფო უწყებებს ეკისრებათ ვალდებულება ღია მმართველობის დღის წესრიგის შედგენის პროცესში დასაბუთებული არგუმენტაციით უპასუხონ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებს.
განსახორციელებელი ცვლილებები ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა 2019 წლის დეკემბერში გამართულ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრაზე წარადგინა.
„ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა.
2019 წლის გაზაფხულიდან ღია მმართველობა საქართველოს კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. 2019 წლის აპრილში საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. საქართველოს მთავრობას მმართველ კომიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენს.