თამარ თედლიაშვილი: მიხეილ ქარელს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის უფლებადამცველი თამარ თედლიაშვილი, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესზე მიხეილ ქარელმა ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, აბსურდულს უწოდებს.

როგორც თედლიაშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, დღევანდელი სასამართლო პროცესი უკავშირდებოდა ათონელის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებას და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიხეილ ქარელი მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა. საქმე ეხება ათონელის#27 მდებარე უძრავ ქონებას , რომელიც 2007 წლის აპრილის თვეში 11 პირმა იყიდა , მათ შორის ერთ-ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია და ასევე ირაკლი ოქრუაშვილიც. ეს უძრავი ქონება იმ დროისთვის წარმოადგენდა მხოლოდ ე. წ შავ კარკასს , რომელიც 250 000$ თანამესაკუთრეებმა შეიძინეს და დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. შემდგომ განვითარებული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ეს უძრავი ქონება სახელმწიფომ უკანონოდ ჩამოართვა მესაკუთრეებს . თუმცა 2015 წელს აღნიშნული შენობა კვლა დაუბრუნეს ამ 11 პირს. ამავე წელს, ირაკლი ოქრუაშვილმა დანარჩენი 10 ადამიანის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი და იგი მოითხოვდა, რომ უძრავი ქონება მხოლოდ მის საკუთრებაში გადასულიყო.ეს დავა როგორც ვხედავთ დაიწყო იმ დროიდან, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი არც დაკავებული ყოფილა და არც ოპოზიციურად განწყობილი. ხაზგასმით ვამბობ , რომ დღევანდელ სასამართლო პროცესი უკავშირდებოდა ათონელის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებას და ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი ჩვენება ოქრუაშვილის წინააღმდეგ არ მიუცია”,- განაცხადა მიხეილ ქარელის უფლებადამცველმა თამარ თედლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები