“მთავარი, რაც სჭირდება ქვეყანას, არის პოლიტიკური სტაბილურობა, განსაკუთრებით, წელს, რომ ჩვენმა ქვეყანამ არჩევნები ჩაატაროს მშვიდობიანად”
სასამართლო რეფორმა იყო ძალიან წარმატებული, მაგრამ ნაბიჯით, რომელიც გიგი უგულავასთან დაკავშირებით გადაიდგა, სასამართლო რეფორმის კრიტიკოსების წისქვილზე დაესხა წყალი, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა დაუშვას ისეთი შეცდომები, რომლებიც ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
„არ შეიძლება, ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება, როდესაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის რანგში წაუყენებს ბრალდებას კონკრეტულ პირს და შემდეგ მოსამართლის რანგში განაჩენს გამოიტანს. ეს არის ცალსახად, რომ მოსამართლე და სასამართლო არიან მიკერძოებულნი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლებელია, პროცედურული ნორმის დარღვევად არ ჩაითვალოს. უზენაესი სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდება სტრასბურგში და ქართული მხარე აქედან მხოლოდ დაზარალდება. როდესაც დასავლელი კოლეგები გვაკრიტიკებენ და აკრიტიკებენ სასამართლო ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს, პოლიტიკურ ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ ის სასამართლო ხელისუფლებას იყენებს პოლიტიკური მიზნით, ამით ქვეყნის იმიჯი ზარალდება. ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს და არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყანას. არ მახსოვს არც ერთი პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც დაჭერებით რაიმე ტიპის წინააღმდეგობა შესუსტებულიყო. ამას შეუძლია, მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონიოს და არავითარ შემთვევაში ეს არ შესუსტდება. გინახავთ ვინმე შეშინებული, როდესაც საპროტესტო აქციის დროს აკავებენ?”,- განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება.
“მთავარი, რაც სჭირდება ქვეყანას, არის პოლიტიკური სტაბილურობა, განსაკუთრებით, წელს, რომ ჩვენმა ქვეყანამ არჩევნები ჩაატაროს მშვიდობიანად, წყნარად და კანონის სრული დაცვით. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამას ისიგრძეგანებს. სხვაგვარად ჩვენ შეიძლება, მძიმე შედეგებამდე მივიდეთ. უმართავი პროცესები შეიძლება წარიმართოს ქვეყანაში, თუკი გაგრძელდება ამ ცეცხლზე ნავთის დასხმა. ეს უნდა შეწყდეს და დასრულდეს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.