WHO-მ კორონავირუსს სახელწოდება მიანიჭა, ასევე დასახელდა ვაქცინის შექმნის ვადები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ჩინეთში გავრცელებულ ახალი ტიპის კორონავირუსს სახელწოდება მიანიჭა – Covid-19.
ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადხან გებრეიესუსმა, ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანამდე, ორგანიზაციის დოკუმენტებსა და პრეს-რელიზებში ვირუსს – 2019-nCoV-ს, ან „ახალი კორონავირუსით“ მოიხსენიებდნენ.
გარდა ამისა, გებრეისუსმა, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის, სავარაუდოდ, ვადად 18 თვე დაასახელა.
„ვაქცინებისა და წამლების შექმნა, კვლევების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მაგრამ მათ შესაქმნელად საჭიროა დრო. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დაუცველები არ ვიქნებით. არსებობს უამრავი საზოგადოებრივი ზომები, რომლებიც დღესაც არის ხელმისაწვდომი და დაინფიცირების არიდების შესაძლებლობას იძლევა. ახალი ვაქცინა 18 თვეში იქნება მზად. ასე რომ, ვირუსთან ბრძოლისთვის ხელმისაწვდომი იარაღი უნდა გამოვიყენოთ“,-აღნიშნა ექსპერტმა.
ბოლო მონაცემით, კორონავირუს Covid-19-ს 1113 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ, 43 ათასს გადააჭარბა. ვირუსის დამარცხება 4300-მა პაციენტმა შეძლო.