იდლიბში, სირიის ვერტმფრენი ჩამოაგდეს – ერდოღანი ასადს თურქი სამხედროების მკვლელობისთვის შურისძიებით დაემუქრა(ვიდეო)

იდლიბში, დეესკალაციის ზონასთან, ოპოზიციის რაზმებმა, ბაშარ ასადის რეჟიმის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

მომხდარის შედეგად პილოტი და ორი სამხედრო დაიღუპნენ.

ამის პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობა თურქ სამხედროებზე თავდასხმისთვის „მაღალ საფასურს გადაიხდის“.

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, იდლიბში 13 თურქი სამხედრო დაიღუპა. საპასუხოდ, თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის მთავრობის 115 სამიზნეზე მიიტანეს იერიშები და მათივე მტკიცებით, 101 სამხედროს ლიკვიდირება მოახერხეს.

„მაღალ დონეზე სირიულ მხარეს საჭირო რჩევები შევუთვალეთ. განსაკუთრებით, იდლიბში მათ მიიღეს ის, რასაც იმსახურებდნენ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ყველაფერი გაგრძელდება“, – თქვა ერდოღანმა.

მისი თქმით, 12 თებერვალს იდლიბთან დაკავშირებით მოქმედების გეგმას წარადგენს.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რუსეთს და ასადს იდლიბში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეშფოთებული ვართ იდლიბში შექმნილი ვითარებით, რადგან ვხედავთ, სამოქალაქო პირებზე უგუნური თავდასხმის ფაქტებს. ვხედავთ, რომ ასობით და ათასობით ადამიანი იძულებულია დატოვოს სახლები, ვხედავთ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვებს და ვგმობთ ამას. ამიტომ, მოვუწოდებთ ასადს და რუსეთს, რომელიც რეჟიმს უჭერს მხარს, შეწყვიტონ თავდასხმები და საერთაშორისო კანონმდებლობას სცენ პატივი“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები