დიმიტრი ცქიტიშვილი: მოვისმინეთ განსხვავებული პოზიციები და ვეცადეთ, გვეპოვა კვეთა დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ინტერესებს შორის
ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა სახლში შრომის კოდექსისა და შრომის ინსპექციის კანონპროექტის განხილვა გაიმართა.
დისკუსიას შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორი, პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი უძღვებოდა.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება რეფორმის პროცესში ჩართულობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებს აქვთ უშუალო, პროფესიული შეხება შრომითი კანონმდებლობით რეგულირებულ საკითხებთან საკუთარ კომპანიებსა თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებში.
„მნიშვნელოვანია იმ ადამიანების კომპეტენტური აზრი, რომლებიც სხვადასხვა კომპანიაში სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ და მათი საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ დასაქმებულის უფლებები და სამუშაო გარემო იყოს უკეთესი. ასეთი მიდგომის შედეგად, დასაქმებული მეტად პროდუქტიულია და ბიზნესისთვის ეს უფრო მომგებიანია. HR სპეციალისტების შენიშვნები და რეკომენდაციები აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება. ჩვენ უკვე ჩავატარეთ მსგავსი შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და გარკვეული შენიშვნები უკვე გავითვალისწინეთ კიდეც. ჩვენ მოვისმინეთ განსხავებული პოზიციები და ვეცადეთ, გვეპოვა კვეთა დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ინტერესებს შორის. საბოლოოდ, გვინდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც მოემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას, შრომის უფლებების დაცვას და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული, წარმატებული ბიზნესის განვითარებას,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ანალოგიური პოზიცია აქვთ HR პროფესიონალთა ასოციაციის წევრებსაც. ასოციაციის პრეზიდენტის სერგო ნოზაძის თქმით, HR პროფესიონალთან ასოციაციაში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავის რეკომენდაციებს კანონპროექტის ინიციატორებს მიაწვდის.
„კონსულტაციების შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი კონსენსუსი მივიღეთ და სადაო საკითხები გადავწყვიტეთ. ჩვენი მიზანია, წარმოდგენილი ინიციატივა გავხადოთ უფრო მეტად იმპლემენტირებადი ჩვენი შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე. შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებსაც გადავუგზავნით დიმიტრი ცქიტიშვილის ოფისს. საერთო მუშაობის შედეგად, მივიღებთ შრომის კოდექსს, რომელიც რეალურად განხორციელებადი იქნება,“ – განაცხადა სერგო ნოზაძემ.
განხილვის შედეგად, “ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა“ ასოციაციის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, კანონპროექტის ინიციატორებს ცვლილებების შესახებ საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარეს.
შრომის კოდექსსა და შრომის ინსპექციის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს ახალი უფლებრივი სტანდარტის შემოტანას დისკრიმინაციის ფორმის აღმოფხვრის, შვებულების რეგულირების, ახალი სამუშაო დროის სტანდარტის შემოღების, დასაქმებულთა უფლებების გაზრდას საწარმო მმართველობაში და შრომის ინსპექციისთვის უფლებამოსილების გაძლიერებას. გარდა ამისა, აღნიშნული ინიციატივა გამომდინარეობს ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) ვალდებულებით და ევროკავშირის 11 დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვას გულისხმობს. იმავდროულად, დაგეგმილი ცვლილებები აშშ-სთან გენერალიზებული პრეფერენციების სისტემის (GSP – აშშ-სთან დღეს მოქმედი სავაჭრო რეჟიმი) მოთხოვნების შესრულებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) თანამშრომლობით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. კანონმდებლობის საბოლოო რედაქციაზე მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) შეჯერება მიმდინარეობს.