ანრი ოხანაშვილი: ადამ კინზინგერი მოუწოდებს მხარეებს, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ – მმართველი გუნდის შეთავაზება (100/50) კომპრომისულია

ადამ კინზინგერი მოუწოდებს მხარეებს, მათ შორის ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის კომპრომისული ვერსია ეფუძნება არა ვიწროპარტიულ ინტერესებს, არამედ ქვეყნის შემდგომ გრძელვადიან განვითარებას.

„ადამ კინზინგერის განცხადება, ვფიქრობ, არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირის, კონგრესმენის გაცხადება, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განვითარება. მის განცხადებაში ასევე შეგვიძლია ამოვიკითხოთ ისიც, რიმ მისთვის რეგიონული უსაფრთხოების პირობებში და რეგიონის ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველო დემოკრატიულ განვითარებას აგრძელებს. კინზინგერის ინტერესია, განვითარება მშვიდობიანად და სტაბილურად გაგრძელდეს. ასევე ლოგიკურია მისი მოწოდებაც. ჩვენ, მმართველმა ძალამ უნდა გავაცნობიეროთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება და ასევე, მოუწოდებს ოპოზიციას რომ ისინი უნდა იყვნენ მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მომხრე. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მხარეებმა უნდა ისაუბრონ ერთმანეთთან და ცალსახა მინიშნება იმის, რომ რეგიონის პირობებში, საქართველოს დემოკრატიული განვითარება ცალსახაა და ის ამას მხარს უჭერს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლის განცხადებას გულდასმით ეკიდება.

„ის მოუწოდებს მხარეებს, მათ შორის ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ. ჩვენ დიალოგისთვის კარი არ დავხურეთ, ჩვენს მიერ შეთავაზებულია კომპრომისული ვერსია. ჩვენი ვერსია ეფუძნება არა ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არამედ ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. თუ ოპოზიციაც ამ ყველაფერს უყურებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივით, მათ შეთავაზებას მხარი უნდა დაუჭირონ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზება (100/50) კომპრომისულია და დიალოგს ეფუძნება.

„ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ. ოპოზიციისგან კონკრეტული პასუხი გვჭირდება კომპრომისულ ვარიანტზე, არგუმენტირებული პასუხი ჯერ ისევ არ გვაქვს. ჯერი ახლა მათზეა“, – დასძინა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოს პარმანეტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც აშშ-ში არჩილ თალაკვაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. კინზინგერის თქმით, “აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული, მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები