ტერორიზმის და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გაწეული ძალისხმევა ევროკავშირის ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში შეფასებულია 2019 წელს საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. კერძოდ, ხაზგასმულია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართველომ  “ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მხარდაჭერა განაგრძო. ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ იანვარში საქართველომ დაამტკიცა 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა  სტრატეგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედსა და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ შეიმუშავა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს. კომისიის მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.

ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია  ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს წამყვანი როლი. ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავინდებურად მასპინძლობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის  სამდივნოს, რომელიც ევროკავშირის რვა სამდივნოდან ერთ-ერთია, რაც ევროკავშირს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც მეზობელი, ასევე შედარებით შორს მყოფი ქვეყნების  ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მზადყოფნის თვალსაზრისით.

აღნიშნული სამდივნო  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები