თურქმენეთში 40 წელს გადაცილებულ ჩინოვნიკ მამაკაცებს, ჭაღარის შეღებვა აუკრძალეს
თურქმენეთში, 1 თებერვლიდან, სახელმწიფო და საბიუჯეტო უწყებებში მომუშავე 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს, ჭაღარის შეღებვა აუკრძალეს.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი რედაქცია, მასწავლებლებისგან და ექიმებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
ამასთანავე, მამაკაცებს, რომლებსაც თმის ბუნებრივი ფერი აქვთ, ურჩიეს მათ მოჭაღარავო ელფერი მისცენ.
სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა აკრძალვა დაუკავშირეს იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს, ჭაღარა აქვს. ამიერიდან, მასთან შეხვედრებზე მხოლოდ ჭაღარის მქონე მამაკაცებს დაუშვებენ.
„რადიო აზატლიკი“ აღნიშნავს, რომ ადრე, როდესაც პრეზიდენტი თმას შავ ფრად იღებავდა, ჩინოვნიკებს და საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებს ჭაღარის დამალვა მოსთხოვეს.
ბედიმუჰამედოვი ჭაღარა თმით საჯაროდ, პირველად, 2018 წლის ივლისში გამოჩნდა. იმავე წლის აგვისტოში, ქალების და მამაკაცების სილამაზის სალონებში, შავ ფრად თმის შეღებვა აკრძალეს.
2019 წლის იანვარში კი, სახელმწიფო დაწესებულებებს გაჭაღარავებული პრეზიდენტის პორტრეტების ყიდვა მოსთხოვეს.