ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო პენსიის მატების ტენდენცია გაგრძელდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის მატების ტენდენცია გაგრძელდება. როგორც მან პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, ერთ-ერთი პრიორიტეტი შშმ პირთა მხარდაჭერაც იქნება.
“საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა, წლების განმავლობაში ეტაპობრივი მატების შედეგად 125 ლარიდან 220 ლარამდე გაიზარდა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო პენსია, არ არის მხოლოდ ფულადი შემწეობა. დღეს ყოველ პენსიონერზე გარდა დადგენილი მონეტარული დახმარებისა, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს საყოველთაო ჯანდაცვის უმაღლესი პაკეტი, რომელიც გეგმიურ შემთხვევებზე ითვალისწინებს 15 000-ლარიან წლიურ ლიმიტს, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებზე ულიმიტო ოდენობის დაფინანსებას.
უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ შშმ პირთათვის განსაზღვრული პაკეტი 2020 წლიდან გაიზრდება. მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და ბავშვებისთვის 50 ლარით, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისთვის 20 ლარით, რაც შესაბამისად შეადგენს 250 და 140 ლარს თვეში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.