ხმაური ქუთაისის მერიასთან – “შეცვალეს” აქტივისტები ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის დეპუტატების დასჯას ითხოვენ
მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ქვეყანაში შერჩევით სამართალს გმობენ. მათი თქმით, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე არცერთი საჯარო მოხელე არ დასჯილა.
“ჩვენ ვაპროტესტებთ შერჩევით სამართალს. ხაბეიშვილს დაუწერეს 2 000-ლარიანი ჯარიმა მაშინ, როდესაც იპოზიციის ოფისებზე კვერცხების სროლისათვის არავინ დასჯილა. ამ ყველაფერის ფონზე, ჯარიმების დაწერა რიგითი აქტივისტებისათვის სამარცხვინოდ მიმაჩნია,” – ამბობს მოძრაობის წევრი, ნინი თვალავაძე.
აქციის მონაწილეები იმერეთის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა უპასუხონ კითხვებს, რატომ სძულთ ქალაქი და რა გეგმები აქვთ ქუთაისთან დაკავშირებით.
მოძრაობის წევრებმა მერიის შენობაზე სტიკერების დაკვრა და მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების გაკეთებაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე საკრებულოს უმრავლესობის 3 წევრს ბრალი 31 იანვარს წარედგინა. გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, ბრალი წარდგენილია ჯგუფური ძალადობის ფაქტზე.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ წევრები 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და კულტურის და სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ამ მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტი – ჯგუფური ძალადობა, რომლითაც ბრალი “ქართული ოცნების” 3 წევრს წარედგინა, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.