გენადი არველაძემ აშშ-ში საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და აშშ – აზერბაიჯანის სავაჭრო პალატის (USACC) საინფორმაციო შეხვედრაში აშშ – ის კომერციული დეპარტამენტის სერტიფიცირებული სავაჭრო მისიის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 5- 10 აპრილს საქართველოსა და აზერბაიჯანში გაიმართება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გენადი არველაძემ და საქართველოს დესპანმა აშშ-ში, გიორგი ციკოლიამ სტუმრებს საქართველოს პოტენციალი გააცნეს, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს და ევროკავშირში, თურქეთში, დსთ-სა და ჩინეთში თავისუფალ ვაჭრობაზე წვდომას სთავაზობს. აზერბაიჯანის მხრიდან მოხსენება გააკეთა შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ანარ ქარიმოვმა.
ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო და აშშ – აზერბაიჯანის სავაჭრო პალატა აშშ-ის კომერციულ დეპარტამენტთან ერთად რეგულარულად აწყობს ამერიკის სერტიფიცირებულ სავაჭრო მისიას საქართველოსა და აზერბაიჯანში დაინტერესებული ამერიკული კომპანიებისათვის. სავაჭრო მისიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ კერძო ბიზნესის შესაძლებლობაზე; გაეცნონ სამთავრობო პროექტებს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით; შეხვდნენ ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ადგილობრივი, აშშ – სა და გლობალური კომპანიების ლიდერებს; მოიძიონ და გაეცნონ ახალ შესაძლო პარტნიორებს, მომხმარებლებს, სამთავრობო შესყიდვების წარმომადგენლებსა და აგენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები