რომან კაკულია: The Hill-ის სტატიაში საქართველო დანახულია როგორც აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე, სწორედ ასეთი მიდგომა არის ინდიკატორი ორმხრივი და სრულფასოვანი პარტნიორობის

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გამოცემა The Hill-ის სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც მკვლევარი იანუსზ ბუგაჯსკი ახლო აღმოსავლეთში და ევრაზიის რეგიონში მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე, საქართველოს მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, რაშიც ძირითადად ამერიკელი კონგრესმენები მონაწილეობდნენ, როგორც იქნა გამოჩნდა ამერიკაში გამოთქმული მოსაზრება, რომელშიც არა მხოლოდ საქართველოსთვის ამერიკის მნიშვნელობაზეა საუბარი, არამედ საუბარია ამერიკისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე“.

„სწორედ ასეთი მიდგომა არის ინდიკატორი ორმხრივი და სრულფასოვანი პარტნიორობის.

სტატიაში საქართველო დანახულია როგორც ამერიკის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა გამოყენებული, როცა ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მსგავსი პარტნიორები საშუალებას იძლევიან ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი განთავსების საჭიროება გამორიცხონ ასეთ რეგიონებში, რაც არის უდიდესი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თავი რომ დავანებოთ ტერორიზმთან დაკავშირებული საქართველოს კონტრიბუციის სათანადო და ღირსეულ აღნიშვნას ამ სტატიაში.

ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ სწორედ ასეთი ტიპის თემები მგონია განმსაზღვრელი ჩვენ შორის ურთიერთობის, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი.

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოსთან მიმართებაში არა მხოლოდ არჩევნებთან ან მიმდინარე სხვა პრობლემებთან დაკავშირებული მდგომარეობით იმსჯელონ, არამედ ასე გლობალურად გააკეთონ ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში.

არ მიმაჩნია სამართლიანად ის ტონი, რომელიც სხვადასხვა ტიპის წერილებში ვიხილეთ. არა იმიტომ, რომ ეს პრობლემები არ არსებობს, ან მათზე რეაგირების და კონცენტრირების სურვილი არ გვაქვს.

მიმაჩნია, რომ დომინანტი საქართველოსა და აშშ ურთიერთობაში, როგორც საქართველოდან, ასევე აშშ-დან, უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სწორედ ასე ხედავენ ურთიერთობას ამერიკასა და საქართველოს შორის”, – აღნიშნა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები