ბრიტანეთი დღეს ევროკავშირს ტოვებს – Brexit-ის დღეც დადგა
ბრიტანეთი დღეს ევროკავშირს დატოვებს და გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ბლოკს კარს მიუხურავს.
გასვლასთან დაკავშირებული შეთანხმება ძალაში 31 იანვარს შუა ღამით შევა.
1 თებერვლიდან იწყება გარდამავალი პერიოდი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოქალაქეებს და მეწარმეებს ახალ პირობებთან ადაპტაციისთვის მეტი დრო ჰქონდეთ.
ამ ხნის განმავლობაში ბრიტანეთი ევროკავშირის კანონების გამოყენებას გააგრძელებს, თუმცა ბლოკის ინსტიტუციებში წარმოდგენილი აღარ იქნება.
გარდამავალი პერიოდი მხოლოდ ერთხელ შეიძლება გახანგრძლივდეს, ერთი ან ორი წლის ვადით, თუ მხარეები შესაბამის შეთანხმებას 1 ივლისამდე მიაღწევენ.
დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თავის მოქალაქეებს მიმართავს.
„ყველაზე მთავარია, რომ დღეს საღამოს ვთქვათ, რომ ეს დასასრული კი არა – დასაწყისია. ეს ნამდვილი ეროვნული განახლების მომენტია“, – განაცხადა ჯონსონმა.
Brexit-ის მომხრეები ლონდონში, საპარლამენტო მოედანზე შეიკრიბებიან, ბრიუსელში კი, ევროპის საბჭოსთან ბრიტანეთის დროშას დაუშვებენ და ისეთი ქვეყნების დროშებს შემატებენ, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.