„ეს პოლიტიკურ ბატალიებზე ზემოთ უნდა დადგეს“ – კვირას აზარტული თამაშების რეგულირების მოთხოვნით მდუმარე აქცია გაიმართება
კვირას, 2 თებერვალს აზარტული თამაშების რეგულირების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია გაიმართება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სამოქალაქო მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებლმა თამარ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იანვარში აზარატულ თამაშებთან დაკავშირებით სუიციდის 3 ფაქტი მოხდა. თამარ ჯაფარიძემ აზარტული თამაშების დარგულირების საკითხის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ – ეს არის სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც უკვე არა მარტო კანონპროექტებზე მომუშავე ჯგუფია, არამედ პეტიციასთან დაკავშირებით ქალბატონ ანა დოლიძესთან ერთადაც ვიმუშავეთ. მოხდა უპრეცედენტო რამ – 2 კვირაში 10 000 ხელმოწერა შეგროვდა იმის მოთხოვნით, რომ ჩვენს ქვეყნაში მომგებიანი აზარტული თამაშებისთვის აკრძალულიყო სარეკლამო სივრცე, ჩახსნილიყო ონლაინთამაშები, რეგულაცია შეხებოდა მას. ასევე, მსჯელობა დაეწყო ტურიზმის დეპარტამენტს და მთავრობას იმასთან დაკავშირებით, რომ ლოკაცია გამოყოფილიყო სათამაშო ბიზნესის გატანის კუთხით.
2 თებერვალს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია იგეგმება. ეს ინიციატივა გარდაცვლილი სანდრო ბერაძის მეგობრებისგან წამოვიდა. ეს არის ჩვეულებრივი, მშვიდობიანი აქცია და მასში მონაწილეობა ყველა ოჯახმა, ყველა დედამ უნდა მიიღოს, რამეთუ ეს ყველა დედის სატკივარია ჩვენს ქვეყანაში.
მე ამას შავ ბიზნესს ვუწოდებ. მკვლელმა ბიზნესმა გასულ წელს უამრავი ახალგაზრიდის სიცოცხლე შეიწია. ჩვენი მონაცემებით, საერთო ჯამში 477 სუიციდის ფაქტი იყო, აქედან რაც დავითვალეთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო, 27 ახალგაზრდა მივიდა სუიციდამდე. ჩვენი ორგანიზაციისთვის აზარტულ თამაშებში მარტო მომგებიანი თამაშები არ იგულისხმება, ჩვენ აქ ვგულისხმობთ ვერაგ თამაშს, რომელსაც „ლურჯი ვეშაპი“ ეწოდება.
იანვარში უკვე სუიციდის 3 ფაქტი მოხდა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. ეს უკვე საგანგაშო სტატისტიკაა. ეს პოლიტიკურ ბატალიებზე ზემოთ უნდა დადგეს, რადგან სახელმწიფოს ქმნის ადამიანი, მივდივიართ იქითკენ, რომ იმ ადამიანებს ვუსპობთ სიცოცხლეს, ვინც ჩვენი ქვეყანა აღმშენებლობისკენ უნდა წაიყვანოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ორგანიზაციას განსაკუთრებული მოთხოვნა ონლაინთამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით აქვს,
„ ონლაინთამაშები არ არის სახელმწიფოსგან რეგულირებული. ყველას შეუძლია გახსნას ე.წ. „ექაუნთი“. აქ მოვითხოვთ საჯარო რეესტრის მაქსიმალურად ჩართულობას. შეიძლება დავეყრდნოთ ევროპულ გამოცდილებებს . გერმანიაში საერთოდ აკრძალულია ონლაინთამაშები . ევროპის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც დღეს წარმატებულია, ონლაინთამაშები ჩახსნილი აქვს, ხოლო სახმელეთოზე ასეთი აღვირახსნილი რეკლამა არსად არის. იქ საკმაოდ მკაცრი რეგუალციაა თავიანთი მოქალაქეებისათვის“- განაცხადა ჯაფარიძემ.
თამუნა შეყილაძე