გიორგი ტყემალაძე ბულგარეთის ელჩს სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.
შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართველ და ბულგარელ ხალხებს შორის ურთიერთობასა და მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ბულგარეთის ხელისუფლებას და პირადად ელჩს ევროსტრუქტურებისკენ მისწრაფების გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქართველებს და ბულგარელებს ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს. სასიხარულია, რომ ჩვენ ხალხებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მუშაობით, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. მან ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. შეხვედრაზე თბილისში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას სახელობის გეოგრაფიული ობიექტის დაარსების საკითხი განიხილეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ და ბულგარეთის ელჩმა ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.