თამაზ ხუბუა: ბჟანიას განცხადებებით უნდა ვივარაუდოთ, რომ მას არ სურს, თბილისის წინაშე იმთავითვე ოდიოზურ ფიგურად წარმოაჩინოს თავი
ასლან ბჟანიას პირველი ინტერვიუდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ მას არ სურს, თბილისის წინაშე იმთავითვე ოდიოზურ ფიგურად წარმოაჩინოს თავი და ძალინ ფრთხილ განცხადებებს აკეთებს, ასევე კეთილგანწყობას გამოხატავს გალის მოსახლეობაში, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ განაცხადა.
ხუბუამ აფხაზეთში განვითარებულ პროცესები შეაფასა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ბჟანიამ ქართულ მხარესთან დიალოგის საჭიროების შესახებ ისაუბრა.
„ქართული სახელმწიფოებრიობისთვის სასარგებლო იქ არაფერი ხდება. იქ ისეთი ადამიანების მიერაა ინიცირებული გამოსვლები და ე.წ. არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიღებული, რომლებსაც პოლიტიკური შეფერილობა ნაკლებად აქვთ , საეჭვო რეპუტაციის ადამიანები არიან პროცესებში ჩართულები. განცხადებები დიალოგის შესახებ, რა თქმა უნდა, საყურადღებოა ჩვენთვის. ეს ეხება ბჟანიას, შამბას განცხადებებს. ბჟანიას არ ვიცნობ, მაგრამ შამბასთან მქონია შეხება. საკმაოდ გამჭრიახი გონების პოლიტიკოსია, ძალიან ფრთხილი. დიალოგის დაწყებაზე რომ საუბრობს , ეს მიუთითებს იმაზე, რომ იქ გარკვეული პრობლემებია შექმნილი. მიუხედავად ამისა, არც შამბა და არც ბჟანია არ ლაპარაკობენ საქართველოს ერთიან სისტემაში მოლაპარაკებებზე . ლაპარაკობენ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დათბობაზე . ბჟანია ახალი გამოსულია პოლიტიკურ ასპარეზზე და ძალიან ფრთხილობს. პირველი ინტერვიუდან გამომდინარე , უნდა ვივარაუდოთ, რომ მას არ უნდა თბილისის წინაშე იმთავითვე ოდიოზურ ფიგურად წარმოაჩინოს თავი და ძალინ ფრთხილ განცახდებებს აკეთებს, ასევე კეთილგანწყობას გამოხატავს გალის მოსახლეობისადმი. იცით, რომ 55 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს გალის რაინოში და საარჩევნო ელექტორატის თვალსაზრისით ამას დიდი მნისვნელობა აქვს. ყოფილ ე.წ. პრეზიდენტს რბილად რომ ვთქვათ, ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ მოსახლეობასთან და ბჟანია ამის გადაფარვას ცდილობს.“- განცხადა ხუბუამ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია იყრის კენჭს. აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ თავად ბჟანიამ განაცხადა.
ცნობისთვის, ასლან ბჟანიამ ინტერვიუ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მისცა.
„დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს.
ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში – თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა.
ამიტომ ვამბობ, – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა”- განაცხადა ბჟანიამ.
თამუნა შეყილაძე