„აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი გაუსაძლის პირობებს ქმნის“ – თამაზ ხუბუა ენერგოკრიზისზე საუბრობს

აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი, ისედაც გაუსაძლის მდგომარეობას, კიდევ უფრო დაძაბულს ხდის, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ განაცხადა.

ხუბუამ აფხაზეთში შექმნილი ენერგოკრიზისის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს,როცა ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიას უფასოდ აწვდის.

„აფხაზეთში ენერგოკრიზისია, 8 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება არ ხდება. ეს დაკავშირებულია ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კლებასთან. ცივი ამინდის პირობებში ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილია. გამოსავალია, სხვა დამატებითი წყარო მოიძებნოს ელექტროენერგიის მისაღებად. საქართველოში ენგურჰესი რასაც გამოიმუშავებს, ეს მთლიანად მიეწოდება აფხაზეთს, დამატებითი რესურსები საქართველოს არ აქვს, თუმცა, ცენტრალური ხელისუფლება სწორად აკეთებს, რომ ეს რესურსი მთლიანად ხმარდება ადამიანებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მოსკოვიდან იქ ჩავიდა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრი და შეხვდა ე.წ. ეკონომიკის მინისტრს, ისინი საუბრობენ იმ შეთანხმებებსა და რეგულაციებზე, რაც შეიძლება რუსეთმა მიაქციოს ამ კრიზისის დაძლევის თვალსაზირისით აფხაზეთის ტერიტორიაზე.

მოვუსმინე ქალბატონი თურნავას განცხადებას და სწორი პოზიციაა, რომ ცენტრალური ხელისუფლება, ეკონომიკის სამინისტრო, მაქსიმალურად შეცდებიან, როგორც დღემდე აკეთებდნენ ამას, რომ მდგომარეობის გაადვილების თვალსაზრისით ყველა ღონე გაატარონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ენგურჰესიდან მიდის ელექტრონერგია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს თბილისის კეთილი ნებაა. ჩვენ ამ საკითხში მადლობა გვეკუთვნის. ეს სწორი პოლიტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ჩვენი მოქალაქეების, ქართველებისაც, რუსებისაც და აფხაზებისაც, ვინც იმ ტერიტორიაზეა, მათი უფლებები დავიცვათ. ელექტროენერგიის დეფიციტი იქ ქმნის ძალიან გაუსაძლის პირობებს, ისედაც გაუსაძლის მდგომარეობას კიდევ უფრო დაძაბულს ხდის“, – განაცხადა ხუბუამ.

ცნობისთვის, აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. ენერგეტიკული კრიზისის მიზეზი „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონეა, რომელიც დღეისთვის დაახლოებით 440 მეტრს შეადგენს (ზღვის დონიდან) და დღე-ღამეში ერთი მეტრით კლებულობს. 420-მეტრიან ნიშნულზე სადგური უნდა გაჩერდეს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ აფხაზეთის რეგიონი რთულ ვითარებაში არ დატოვოს და აფხაზი ძმები და დები ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩნენ.
„ენგურჰესის რესურსები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია, რომელიც ემსახურება სრულიად საქართველოს მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს. რასაკვირველია, თუ არ იქნება რესურსი, როგორც შარშან, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავტოვოთ ჩვენი აფხაზი ძმები და დები რთულ ვითარებაში. ამასთანავე, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რუსეთის კომპანიებთან თვითონ ისინიც აწარმოებენ გარკვეულ მოლაპარაკებებს “, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ახლო მომავალში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის რეაბილიტაცია იწყება და სამ წელიწადში, ორივე ელექტროსადგურის სიმძლავრეები თავის ისტორიულ დონეზე ავა.
როგორც თურნავა აცხადებს, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე აფხაზურ მხარესთან რაიმე კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა ქართული მხარის გადაწყვეტილებით აფხაზეთის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩება.
„ენგურჰესი ემსახურება სრულიად საქართველოს, ვგულისხმობთ რიგით მოსახლეობას, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, რომლებიც საკმაოდ რთულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენი ვალია, მათ დავეხმაროთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები