ქართული ჯარის კვების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად განახორციელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო, სურსათის უვნებლობის საკითხებზე გასცემს რეკომენდაციებს და ჯარის კვების ობიექტებში კონტროლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება.

როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ მომზადებულ სურსათის შესყიდვებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დავალებებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას და იმ ბიზნესოპერატორების შემოწმებას, რომლებიც ქართული ჯარის კვების ობიექტებისთვის სურსათის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

მემორანდუმის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ნიმუშების ამოღებასა და ლაბორატორიულ შემოწმებას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრო კი, ვალდებულებას იღებს სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება უზრუნველყოს.
დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა მოაწერეს.

სამხედრო მოსამსახურეების კვებითი მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალი სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. გაუმჯობესდა და გამრავალფეროვნდა კვების რაციონი. 2020 წლის იანვრიდან თავდაცვის ძალები ქართული, ნედლი (გაუყინავი) საქონლის ხორცით მარაგდება. მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლებაც, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები