ოპოზიციის საჯარო შეხვედრები „გირჩის“ ოფისში – რას გულისხმობს ახალი ფორმატი
პარტია „გირჩის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საჯარო შეხვედრები დაიწყო.
პირველი საჯარო შეხვედრა, რომელიც „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გუშინ შედგა.
რა ფორმატისაა ოპოზიციის შეხვედრები და რა სიახლეს მოიცავს? ხომ არ ნიშნავს, ეს ერთგვარ განხეთქილებას ოპოზიციურ სპექტრში და სრულიად ახალი ფორმატის დაწყებას? – ამ კითხვებს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ უპასუხა.
„ამ ფორმატს არანაირი კავშირი არ გააჩნია გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან. ჩვენ ბოლო 2 თვეა ვმუშაობდით იმაზე, რომ ეს ახალი ფორმატი დაწყებულიყო. მას სხვა მიზნები გააჩნია, ვიდრე იმ ფორმას, რომელიც „ლეიბორისტების“ ოფისში მიმდინარეობს. როგორც იცით, იქ არის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული ბრძოლის ხერხების და მეთოდების განხილვა. ახალი ფორმატი კი ორ საკითხს ითვალისწინებს: ერთი საკითხია, როგორ დავშალოთ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა. წარმოვიდგონოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარაა ხელისუფლებაში და ოპოზიცია იგებს 2020 წლის არჩევნებს, ამის მერე რა ხდება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გვინდა ამ ფორმატით. ვიცით, რომ გვაქვს სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, სუს-ი, რომელთა მხოლოდ ფაკულტატური მოვალეობაა დანაშაულის გამოძიება, ძირითადი ფუნქციაა პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნება სხვადასხვა ჯგუფების მიერ, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან. იგივე მართლმსაჯულების სისტემას თავზე მოაჯდა საქართველოს ყველა ხელისუფალი.
მეორე საკითხია პროვატიზაციის საკითხი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რესტიტუციის საკითხი. 2021 წელი არის წელი, როცა გადის 1 საუკუნე მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოვიდნენ კომუნისტები და წაგვართვეს ყველაფერი, მთელს საქართველოს ჩამოართვეს ქონება და ყველაფერი გახდა სახელმწიფოს საკუთრება. 90-იან წლებში ამ ქონების მხოლოდ 20 % დავიბრუნეთ. 80 % დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაა. ჩვენ ღარიბები ვართ არა იმის გამო, რომ ცუდი ხალხი ვართ, არამედ იმის გამო, რომ ჩვენი ქონების 80 % უპატრონოდ გვაქვს მიგდებული. გვინდა, მთელი საქართველოს ტერიტორია, თანაბრად, იმ აუცილებელი რაღაცების გარდა, რაც სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის სჭირდება ამ ეტაპზე, იყოს ადამიანების საკუთრება. მე რასაც ვამბობ, ეს წესრიგი სამყაროში ყველგან არსებობს. ამერიკაში ტყეების 20 %-ია სახელმწიფოს საკუთრებაში, გერმანიაში დაახლოებით 15 %, დანარჩენის მესაკუთრეები ადამიანები არიან. გვინდა, რომ ეს წესრიგი, რომელიც თავის დროზე კომუნისტებმა წაგვართვეს, დავაბრუნოთ ამ ქვეყანაში. ამ საკითხების განხილვაა ამ ახალი ფორმატის დაწყების მიზეზი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თამუნა შეყილაძე