ანაკლიის პორტის მშენებლობის სატენდერო პირობები იცვლება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უკვე დაწყებულია ანაკლიის პორტის მშენებლობის სატენდერო პირობებზე მუშაობა და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება ინტერესთა ახალი გამოხატვაც გამოცხადდება.
მინისტრის ინფორმაციით, სატენდერო პირობებზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ყველა ის ცვლილება, რომელიც 2014 წელს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში სხვადასხვა დროს შევიდა.
„როგორც უკვე ცნობილია, კონსორციუმთან შეწყდა ხელშეკრულება და ჩვენ ვემზადებით, რომ ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ. ამ ეტაპზე ხდება ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მუშაობა, მოგეხსენებათ, წინა ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული იყო 2014 წელს; მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უშუალოდ საინვესტიციო ხელსეკრულებაშიც კი ახალი პირობები იყო ჩამოყალიბებული. ასევე მოგეხსენებათ, რომ ბანკებთან მოლაპარაკებებში მთავრობა გარკვეულ ცვლილებებზე დათანხმდა, შესაბამისად, ყველა ამ ცვლილებას ახალ ინტერესთა გამოხატვაში გავითვალისწინებთ.
აუცილებლად ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან – საერთაშორისო ბანკებთან, რომლებიც შესაძლოა მომავალშიც მოიაზრებოდნენ ამ პროექტის დამფინანსებლებად და შესაბამისად, ერთიანი ინტერესთა გამოხატვის პირობებს შევთავაზებთ ინვესტორებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.