სად იმყოფებოდა ბჟანია აფხაზეთის ომის დროს – ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბრალდებებს პასუხობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას, თქმით, 1992-1993 წლების ომის დროს, მან „ოკუპირებული“ სოხუმი დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა.
ამის შესახებ ბჟანიამ აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„1992 წლის აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის დასაწყისში, ოკუპირებული სოხუმი დავტოვე,დაბრუნებას მალევე ვგეგმავდი. მას შემდეგ რაც გაგრა გათავისუფლდა, ორმა ჩემმა მეგობარმა, ეთნიკურად აფხაზმა, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობდა, მთხოვა დავხმარებოდი 20 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის ფორმირებაში. მაშინ, თუ გახსოვთ, ფასები იზრდებოდა. მათ ფული არ ჰქონდათ, ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებდნენ, კვირაში ერთხელ რაღაცას ყიდულობდნენ. ხაზს ვუსვამ, რომ ეს მათი თანხები იყო, უბრალოდ ვეხმარებოდი. მდიდრები არ არიან, მეწარმეები არიან, მაგრამ მათ სამშობლოს დახმარება გადაწყვიტეს. შაქარი, ფქვილი, კარაქი იყო. ტვირთის შეგროვებას რამდენიმე კვირა დასჭირდა. ტვირთთან ერთად ჩამოვედი აფხაზეთში და 1993 წლის 27 სექტემბრამდე აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურში ვიმყოფებოდი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამის დადასტურება შეუძლიათ. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთი დავტოვე, სამსახურებრივი მივლინებით“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.
მისი თქმით, „ყველა დანარჩენი ისტორია, რომელსაც ჩემს შესახებ ჰყვებიან, სიბინძურე და სიცრუეა. ბევრმა სიმართლე არ იცის“.
ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.