დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში რეგიონში უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა
დღეს წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ცენტრი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნებს სრულად პასუხობს. შენობა აღჭურვილია სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს ეხმარება როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც. ცენტრში განთავსებულია მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველო საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ღირსეულად წარმოაჩინონ.
ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ 27 იანვარი დაწესდება. აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის სარდალმა, გენერალ-მაიორმა ჯეფრი მილჰორნმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარმა ქირურგმა, ბრიგადის გენერალმა რონალდ სტივენსმა.