ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკის მთავრობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო ცენტრი გავხსენით, რომელიც ჩვენს გმირ სამხედროებს მოემსახურება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა 12 მილიონი ლარი დაჯდა და ის აშშ-ის მთავრობამ სრულად დააფინანსა.

მისი თქმით, საქართველო ამერიკის მთავრობისა და ხალხის მადლიერია.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ამერიკის მთავრობასთან ერთად გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურება ჩვენს გმირ სამხედროებს. აღნიშნული ცენტრის მშენებლობა დღეს დასრულდა, რომელიც საბოლოო ჯამში 12 მილიონი ლარი დაჯდა და აშშ-ის მთავრობამ სრულად დააფინანსა. მხოლოდ მილიონი ლარის კონტრიბუცია იყო ჩვენი სამინისტროს თანამონაწილეობა. ამ ცენტრის გახსნა ჩვენი სამხედროებისთვის ძალიან დადებითი მოვლენაა, რაც მნიშვნელოვანი და მთავარია, დღევანდელი დღე არის დამოკიდებულების ჩვენება ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ. ორმაგად სასიამოვნოა, რომ ამ დამოკიდებულებაში ჩვენ შემოგვიერთდა ამერიკის მთავრობა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ნამდვილი მეგობარი, რომელიც თავისი საქმით ადასტურებს პატივისცემას ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ. ჩვენ ანალოგიურად მადლიერები ვართ ამერიკის მთავრობის და ხალხის, რომლმაც ასეთი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს სამხედროებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცედენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის მთავრობამ 4,5 მილიონი დოლარი გამოყო. ახალი ცენტრი უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის სინთეზია, სადაც დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები