“ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას; მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია იყოს ეფექტიანი” – პაპუაშვილი

“კიდევ ერთი მცდელობა არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ყველა საკითხთან დაკავშირებით რაღაც აჟიოტაჟი ატეხონ, რომელიც, საბოლოოდ, აღმოჩნდება ხოლმე ცრუ განგანში და ცრუ აჟიოტაჟი, შემდეგ საკუთარ დამაჯერებლობას აზიანებენ ამ ყველაფრით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

„ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისი არის კანცელარიის, რომელიც გაუწევს მას საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას და კოორდინაციაც რომ იქნება ისევე ეფექტიანი, როგორც ამას მამუკა მდინარაძე აკეთებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ასე რომ, კიდევ ერთი ცრუ განგაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც, საბოლოოდ, მათვე აზიანებს.

მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია იყოს დღევანდელი გამოწვევის პირობებში ეფექტიანი. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოცდილება. თუ ნახავთ სხვა ქვეყნებს – საფრანგეთს, პოლონეთს და სხვა ქვეყნებს, ყველგან საჭიროება დადგა სპეციალური კოორდინაციისა სამართალდამცავ უწყებებთან, ასევე სპეციალურ სამსახურებთან. ასე რომ, მით უმეტეს ჩვენი რეგიონისთვის, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, ერთი მხრივ და იმ გეგმების ფონზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დასახა ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც მისი არჩევა მოხდა, რომ მოხდეს კორუფციის მინიმალურ დონემდე დაყვანა, მოხდეს განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ამ დავალების შესასრულებლად მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს მოწადინებული და კოორდინაცია ამ მხრივ არის განმსაზღვრელი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები