„მადლობა თქვენ, ბატონო გომარ, ლამაზი სიცოცხლისთვის, თქვენი წარუშლელი ღვაწლისთვის ქართული კულტურის წინაშე“

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი გომარ სიხარულიძის გარდაცვალებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კომპოზიტორი ქალაქის და სასწავლებლის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი იყო.
„77 წლის ასაკში გარდაიცვალა გომარ სიხარულიძე – კომპოზიტორი, დირიჟორი და მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ,,იუნესკოს” ფოლკლორის ორგანიზაციის წევრი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, წარსულში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე, თბილისის N5 სამუსიკო სკოლის დირექტორი, თბილისის N1 სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ვოკალურ ანსამბლ ,,გორდელას”(1963წ) და ფოლკლორულ ანსამბლ ,,ქალგულოს” (2004წ) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
გომარ სიხარულიძე დაიბადა ქუთაისში, 1942 წლის 4 მარტს, მუსიკოსების – გიორგი (გოგი) და მარიამ სიხარულიძეების ოჯახში. 1949-1959 წლებში სწავლობდა ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლა-სასწავლებელში საგუნდო განყოფილებაზე, პედაგოგ გიორგი კემულარიას კლასში, სასწავლებელში, რომელთანაც ასევე ორგანულად იყო დაკავშირებული მისი მამის, ულამაზესი ტენორის, ბატონ გიორგი (გოგი) სიხარულიძის პედაგოგიური მოღვაწეობა და ძმის, გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მევიოლინე ვიტალი სიხარულიძის მოსწავლეობის პერიოდი.
1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საგუნდო-სადირიჟორო, ხოლო 1976 წელს კომპოზიციის სპეციალობთ. შრომითი საქმიანობაც ქუთაისში დაიწყო, გუნდის ლოტბარად და ხალხური საკრავების პედაგოგად. შემედგ მთელი მისი ცხოვრება, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა თბილისთან იყო დაკავშირებული.
1966 წლიდან დაიწყო აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა, როგორც კომპოზიტორმა; შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლების, მხატვრული კინოფილმებისა და ანიმაციური ფილმებისთვის; მრავალფეროვანია მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა; დაწერილი აქვს ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის, ასევე კამერულ-ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები.
გომარ სიხარულიძე ჩვენი ქალაქის და სასწავლებლის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი გახლდათ; მის სიყვარულს და თანადგომას ვგრძნობდით ყველგან და ყოველთვის, იქნებოდა ეს სასწავლებლის გასვლითი საანგარიში თუ საიუბილეო საღამოები, ქუთაისისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები. განსაკუთრებით გააქტიურდა ეს ურთიერთობები მას შემდეგ, რაც ქუთაისის მესხიშვილის თეატრს სათავეში ჩაუდგა მისი ვაჟი, უნიჭიერესი ქართველი რეჟისორი გიორგი სიხარულიძე. ბატონი გომარი, თავის ოჯახთან ერთად, სისტემატურად ჩამოდიოდა და ესწრებოდა თეატრის პრემიერებს, ეამაყებოდა და აბედნიერებდა ქუთაისის, მისი სასწავლებლის და თეატრის წარმატებები.
დღეს მწუხრია მთელ საქართველოში, თეატრალურ და სამუსიკო საზოგადოებაში, ბატონი გომარის ოჯახში და მის მშობლიურ სამუსიკო სასწავლებელში, რომლის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი და უკვდავყოფილი შესანიშნავი ქართველი ხელოვანის გომარ სიხარულიძის სახელი.
გემშვიდობებით და მადლობა თქვენ, ბატონო გომარ, ლამაზი სიცოცხლისთვის, თქვენი წარუშლელი ღვაწლისთვის ქართული კულტურის წინაშე, თქვენი ღრმა და ნათელი კვალისთვის, რომელიც არასდროს წაიშლება და რომლის შუქი გზას გაგინათებთ მარადიული სასუფევლისკენ“, – აღნიშნულია მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები