არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენ შევძელით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ჯანდაცვითი პროექტის აშენება წეროვანში
დღეს ჩვენ შევძელით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ჯანდაცვითი პროექტის აშენება წეროვანში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ცენტრში რეაბილიტაციას გაივლიან არამხოლოდ ქართველი სამხედროები, ასევე საერთაშორისო მისიებში დაშავებული საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სამხედროები.
„თავის მხრივ, არის ძალიან სტრატეგიული მსგავსი ცენტრის აშენება აქ, წეროვანში. ვფიქრობ, სოციალური პოლიტიკა და რეფორმა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახორციელებს და თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი ჩვენს სახელმწიფოში და სიმბოლურია, რომ აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში და მათი უშუალო დახმარებით, დღეს ჩვენ შევძელით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ჯანდაცვითი პროექტის აშენება წეროვანში“,- განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველო დასავლეთისთვის, ნატო-სთვის და აშშ-სთვის ერთ-ერთ საიმედო მოკავშირედ რჩება რეგიონსა და საერთაშორისო მასშტაბით.