გორის მერი საოკუპაციო ზოლთან მივიდა და აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გაეცნო
საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ქერეს მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდა.
ქალაქის მერი საოკუპაციო ზოლთან მივიდა და აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ადგილზე გაეცნო.
“კიდე ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, აღნიშნულ თემში შემავალ სოფლებს მიენიჭებათ მთის ზონის სტატუსი. ეს საკითხი გადაწყვეტილია და სჭირდება მხოლოდ ფორმალური მხარს მოგვარება. რაც შეეხება სოფლის სკოლასა და საბავშვო ბაღს, ესაა ის პრიორიტეტული საკითხი, რომელიც “მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ” სოფელს მოუგვარდება. ჩვენ, მზად ვართ მოვუსმინოთ თითოეულ მოსახლეს და ერთად გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რაც მათ აწუხებთ”,- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობამ სოფლის შესასვლელში აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან რამდენიმე პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. კერძოდ, სასოფლო გზების მოწესრიგებას, სოფლისთვის მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას და სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობების აშენებას.