ნავთობკომპანია “ფრონტერას“ თანამშრომლები 11-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

ნავთობკომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას ” ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და 11-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.

აქციის 100-მდე მონაწილე დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობ ბაზასთან შეიკრიბა და ჭიშკართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. როგორც ისინი ამბობენ, ვიდრე დავალიანებები არ გასწორდება, კომპანიას დედოფლისწყაროში  სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

“დრო ისე გადიოდა, გვპირდებოდნენ ხელფასებს, მაგრამ არ მოგვცეს. თითოეულს თვეში 250 დოლარიდან-500 დოლარამდე გვეკუთვნოდა.კომპანიის წარმომადგენლებმა ბოლოს გვითხრეს, ფული არა გვაქვს და თქვენი ბრალიაო. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სახელმწიფოს მოაგვაროს ეს პრობლემა”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გრიგოლ კოვზირიძემ.

ნავთობმომპოვებელი კომპანიის მენეჯერმა ” რეგიონულ კვირასთან” აღნიშნა, რომ “ფრონტერას” ხელმძღვანელობა ინვესტორის მოძიების პროცესშია და აქციის თითოეულ  მონაწილეს თანხა სრულად აუნაზღაურდება.

“მოიძიებენ ინვესტორს და თანხა ანაზღაურდება. ხალხს საქმე სასამართლოში აქვს შეტანილი და ალბათ ამ მხრიდანაც მოწესრიგდება ეს პრობლემა,”- განაცხადა გიორგი ჯანიაშვილმა.

გაფიცული თანამშრომლების აქციაზე დედოფლისწყაროს მერიც იმყოფებოდა. მისი თქმით, “ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული და იმედოვნებს, რომ საქმე დასაქმებულების სასარგებლოდ გადაწყდება.

“ჩვენი მხრიდან მოხდა ცენტრალური ხელისუფლების საქმის კურსში ჩაყენება. დაპირება დარჩა დაპირებად და დაიწყო სასამართლო დავაც. იმედი მაქვს, პროცესი დაზარალებულების სასიკეთოდ გადაწყდება, “- განმარტა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

კომპანია “ფრონტერას ” 84 თანამშრომლის 11-თვიანი, ჯამში მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. თანამშრომლებმა კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს ერთი თვის წინ მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები